სემეკმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და „ენერგო პრო ჯორჯიაზე“ ახალი ლიცენზიები გასცა

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახელზე ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია, ხოლო სს  „ენერგო პრო ჯორჯიას“ სახელზე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია გასცა.  ლიცენზიები გაიცა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, – ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობის ლიცენზის შესაბამისად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უფლებამოსილია განახორციელოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის ტრანსპორტირება მისი ტრანსასაზღვრო გადადინებისთვის, განაწილების ან/და საბოლოო მოხმარების მიზნებისათვის,  შეასრულოს ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები, მათ შორის გადამცემი სისტემის ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, გადამცემი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირება და ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

„ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის ლიცენზია სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ანიჭებს უფლებას განახორციელოს ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის უსაფრთხო და საიმედო მიწოდება საბოლოო მომხმარებლისთვის, აგრეთვე, ეკონომიკური პირობების შესაბამისად გამანაწილებელი ქსელის ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება და მასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა, რომელიც საჭიროა გამანაწილებელი სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ამ სისტემებთან დაშვებისთვის. „ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები