ამირან გამყრელიძის განცხადებით, აცრის დაჯავშნის საიტზე დაფიქსირებული ხარვეზების მიზეზებს აიტი სამსახური შეისწავლის

კოვიდვაქცინის დაჯავშნისას საიტზე დაფიქსირებული ხარვეზის მიზეზებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების (ე.წ. აიტი) სამსახური სწავლობს. ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეპატზე ხარვეზი გამოსწორებულია და თუ მსგავსი ხარვეზი კიდევ იქნება, მის გამოსწორებაზე ასევე აიტი სამსახური იზრუნებს.

„ჩვენი აიტი სამსახური ინტენსიურად მუშაობს. მინდა მოსახლეობა დავამშბიდო, არავის დაეკარგება სინოფარმის აცრა და ვაქცინა დაეჯავშნებათ. ტექნიკასთან გვაქვს საქმე და სამწუხაროდ, ხდება. ვსწავლობთ ხარვეზის გაჩენის მიზეზებს. რამდენიმე თვეა ეს პორტალი მუშაობს და ამ ტიპის დაბრკოლება არ ყოფილა, ეს შესასწავლია,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, თუ ხარვეზი ასტრაზენეკას ვაქცინის დაჯავშნის დროსაც დაფიქსირდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის აიტი-სამსახური მას აღმოფხვრის.

ამირან გამყრელიძემ რეგისტრაციასთან დაკავშირებული რამდენიმე დეტალიც განმარტა და განაცხადა, რომ თუ ადამიანს ბოლო 120 დღის განმავლობაში გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ბაზა ამას ავტომატურად დააფიქსირებს და მას ვაქცინის გაკეთების საშუალებას მხოლოდ ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ მისცემს.

გამყრელიძის თქმით, მსგავსი პრინციპი მოქმედებს იმ პირების მიმართაც, ვინც ერთხელ უკვე აიცრა და ამის შემდეგ დაინფიცირდა – ასეთ პირებს მეორე დოზის გაკეთების საშუალება ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ შეეძლებათ.

მსგავსი თემები