„ცდილობენ, დანაშაულებრივი გზით გადაფარონ რუსთავი 2-ის ქონება, ბრძოლა ბოლომდე“ – ტელეკომპანიის დამფუძნებლები

„ჩვენ დაგვჩაგრეს, ჩვენ მოგვატყუეს, ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი და ვიომებთ. რაც  ხდება, ეს არის შურისძიება“ – განაცხადეს რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა – დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნეს, რომ სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ.

მათი კითხვები  რუსთავი 2-ის დღევანდელ მესაკუთრის მიმართ შემდეგია:

1.     დღევანდელი მდგომარეობით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს აღარ აქვს ავტორიზაცია. რუსთავი 2-ის სახელით ავტორიზაცია აქვს სააქციო საზოგადოება ,,მედია ჰოლდინგს“. ასევე ფაქტია, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულებები გაუუქმდათ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თან, რაც ჩანაცვლდა მედია ჰოლდინგთან დადებული შრომითი კონტრაქტებით. ამასთან, რუსთავი 2-ის მმართველების საჯარო განცხადების თანახმად, ისინი აპირებენ მედია ჰოლდინგს გადასცენ ტელეკომპანიას მთელი უძრავ-მოძრავი ქონება.

კითხვა: რა სანაცვლო სარგებელს ღებულობს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“?

2.     სს ,,მედია ჰოლდინგის“ წესდების თანახმად, პრაიმ ტაიმს, როგორც 90% აქციების მესაკუთრეს აქვს უფლება ერთპიროვნულად მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. წესდება პრაიმ ტაიმს უფლებას აძლევს ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს არა მხოლოდ რუსთავი 2-ის ჩართულობის გარეშე, არამედ საერთოდ ინფორმაციაც კი არ მიაწოდოს მისაღები თუ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

კითხვა: ამ პირობებში რა სამართლებრივი მექანიზმებით არის დაცული და დაზღვეული შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ სს ,,მედია ჰოლდინგში“ უკვე შეტანილი თუ მომავალში შესატანი ქონება?

3.     რა აუცილებლობით იყო განპირობებული ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისთვის ავტორიზაციის გაუქმება?

როგორც დამფუძნებლებმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადეს, სამართალი აუცილებლად ასრულდება: „ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ,,რუსთავი 2“-ის მესაკუთრეთა თუ მმართველთა უკანონო ქმედებები გამოყენებულ იქნება მათსავე საწინააღმდეგოდ. რუსთავი 2-ის საქმეზე სამართალი აღსრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ტელეკომპანია დაუბრუნდება მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს“.

მსგავსი თემები