“ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო ადმინისტრაციისგან დამატებით დაფინანსებას ღებულობს 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ყოფილ სახელისუფლებო პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ცესკო-ში გაყალბებული სიების წარდგენაში ადანაშაულებს, რაც, მისივე თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია.

“მათ გაყალბებული საარჩევნო სიები წარადგინეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, ყველაფერთან ერთად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ნაცმოძრაობის სტილი, რომელიც ჩვენ განსაკუთრებულად კარგად გვახსოვს 2012 წლის არჩევნებიდან, ასევე, 2016 და 2017 წლების საარჩევნო კამპანიებიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძემ ფიქტიური პოლიტიკური ბლოკების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ასეთი ბლოკების წყალობით “ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო ადმინისტრაციიდან დამატებით დაფინანსებას ღებულობს და სარგებლობენ უფასო საეთერო დროით.

„როგორც მოგეხსენებათ, რეგისტრირებულნი არიან ფიქტიური საარჩევნო სუბიექტები. ფიქტიური სუბიექტების წყალობით, „ნაციონალური მოძრაობა“ დამატებით დაფინანსებას იღებს საარჩევნო ადმინისტრაციიდან და,  დამატებით იღებენ უფასო საეთერო დროს, ეს არის მანიპულირება და ეს არის პრობლემა საარჩევნო თვალსაზრისით, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ“,- აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები დღეს, დილით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შეხვდნენ. მათ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ. ინფორმაციაში მითითებულია იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებსაც, სავარაუდოდ უნდა მოეწყოთ პროვოკაციები.

“მოგვიანებით, პროვოკაციები რეალურად სწორედ აღნიშნული პირების მიერ განხორციელდა.  „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს  დიპლომატიური კორპუსისა და საარჩევნო დამკვირვებლების პერმანენტულ ინფორმირებას პროვოკაციების შესახებ, იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც არის ძალიან შორს ევროპული პრაქტიკისგან“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

აღსანიშნავია, რომ 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრებიც არიან, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებების სახელით იყრიან კენჭს.

მსგავსი თემები