“შეცდომა იყო შეთანხმების დიდ, ეროვნულ გარღვევად გამოცხადება” – გიგა ბოკერია

  •  

დიდი შეცდომა იყო ამ შეთანხმების დიდ, ეროვნულ გარღვევად გამოცხადება, ეს ასე არ არის და სასამართლოში გიგი უგულავას საქმის გაგრძელება ამის დადასტურებაა, – ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია გიგი უგულავასთვის სასამართლო პროცესის ჩანიშვნას.

გიგა ბოკერიას შეფასებით, გიგი უგულავას პროცესის ჩანიშვნა არის შეხსენება ყველა ოპოზიციონერისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონცენტრირება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაზე.

„ეს შეხსენებაა ყველასთვის, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის, ვისთანაც აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა, სად ვართ ჩვენ დღეს და რამდენად მნიშვნელოვანია კონცენტრირება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაზე წარსული შეცდომების გათვალისწინებით. ივანიშვილის რეჟიმის სპიკერებმა შეთანხმების ხელმოწერის დღესვე თქვეს, ყველა სხვა საქმეებს ვაგრძელებთო. შეცდომა იყო ამის წარმოჩენა, თითქოს რაღაც გარღვევა მოხდა. აქ რომ ყოფილიყო ეროვნული თანხმობის შანსი, წარსულის მიუხედავად მომავალზე, ეს სხვა საქმე იქნებოდა, თუმცა ასეთ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე. ივანიშვილსი რეჟიმი არ აპირებს არსებითად არაფრის შეცვლას და ამის გათვალისწინებით უნდა ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისივე ინფორმაციით, გამორიცხულია შეთანხმებაზე მათი პოზიცია შეიცვალოს და პოსტ-ფაქტუმ შეუერთდნენ, მაგრამ პარლამენტში შესვლის საკითხს ინსტიტუციურად, პარტიის პოლიტსაბჭოზე განიხილავენ.

„შეთანხმებაზე ჩვენი პოზიცია გამორიცხულია, რომ შეიცვალოს. ეს შეთანხმება უკვე მიღებულია და არასწორად მიგვაჩნია პოსტ-ფაქტუმ ამას შევუერთდეთ. იმიტომ არ შევუერთდით, რომ არ მიგვაჩნდა ჩვენი საზოგადოების ინტერესებისათვის შესაბამის დოკუმენტად. რაც შეეხება პარლამენტში შესვლის საკითხს, ამაზე ჩვენ ყოველთვის ინსტიტუციონალურად ვმსჯელობთ, პოლიტსაბჭოზე გვაქვს ამაზე დისკუსია.

ამ მომენტისთვის ოპოზიციური ამომრჩევლის ინტერესების გამომხატველი სპექტრის დიდი ნაწილი პარლამენტში არ არის. მე ვერ ვხედავ სარგებელს ჩვენი პოლიტიკური ძალის ამ პარლამენტში მონაწილეობისთვის. ამ ვითარებაში ეს არ არის სწორი ნაბიჯი მაგრამ ამაზე ვიმსჯლებთ პოლიტსაბჭოზე და საბოლოო გადაწყვეტილებას მოგახსენებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი თემები