თბილისში მიწისქვეშა ავტოსადგომი სამ ადგილას მოეწყობა  

  •  

თბილისში სამ ლოკაციაზე, კერძოდ, გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარედ, მიწისქვეშა ავტოსადგომების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდება. ჯამში სამივე ტერიტორიაზე 715 საპარკინგე ადგილი მოეწყობა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობაზე გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა და გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულს ერთ ლარად გადაეცემა.

კალაძის თქმით, დედა ქალაქში მოსაწესრიგებელია პარკინგის სისტემა, როგორც მიწისზედა ისე მიწისქვეშა და ამ მიმართულებით, მერია იწყებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

“იცით, რომ ჩატარებულია კვლევა და შერჩეულია 10 კონკრეტული ლოკაცია ქალაქში, სადაც შესაძლებელია 10 მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რომ შევძლოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც ამ მიმართულებით დღეს აწუხებს ქალაქს. მზად ვართ ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ დედაქალაქისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან დედაქალაქის მთავრობის წევრებს მიმართა თხოვნით, ტენდერით დაინტერესებულ ყველა პირსა და კომპანიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ.

მსგავსი თემები