“ის ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა მანქანის სანაცვლოდ და ამაში ნათესავებს ვადანაშაულებ” – გარდაცვლილი ყაზახი გოგოს დედა

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული ახალგაზრდა ყახაზი ქალის დედა, რომელიც უკვე საქართველოში იმყოფება, თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ მისი შვილი მოკლეს. გოგონას დედას აქვს ინფორმაცია, რომ მისი შვილი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. 

“ჩემი შვილი სამუშაოდ ნათესავმა ჩამოიყვანა აქ, ბოლოს რომ ვესაუბრე, შეშინებული იყო. მაქვს ინფორმაცია, რომ ის ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა მანქანის სანაცვლოდ და ამაში ნათესავებს ვადანაშაულებ,” – აცხადებს აისელ აიტპაევას დედა.

ისუ აიტპაევა ცოტა ხანში ექსპერტიზის ბიუროში მივა, მან ცხედრის ამოცნობის პროცედურა უნდა გაიაროს. ამის შემდეგ ის შვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენას სხვადასხვა გზით შეეცდება.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, საქართველოში მყოფი 26 წლის ყაზახი გოგო, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლი გახდა, მერვე სართულიდან გადახტა. გამოძიებამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც სექსუალურ ძალადობას და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებიან.

“კურიერმა” ის აუდიოჩანაწერები მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, დაკავებულის ღია მუქარა ისმის. ის მოუწოდებს ახალგაზრდა ქალს, ნათქვამი შეასრულოს და ფანჯრიდან გადახტეს.

მსგავსი თემები