“ვეტოს საფუძველი არ არსებობს – ისეთი მტკივნეული კანონპროექტი არ არის, რომ აპოკალიფსური სურათები დაიხატოს” – მიხეილ სარჯველაძე

არ არის ეს ისეთი მტკივნეული კანონპროექტი, რომ აპოკალიფსური სურათები დაიხატოს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვეტოს საფუძველი არ არსებობს, თუმცა, თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, “ქართული ოცნება” კანონპროექტის ბედთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ როგორი იქნება პრეზიდენტის შენიშვნები.

“ქართული ოცნება” მზად არის წარადგინოს საკუთარი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და მეტი სიცხადე შეიტანოს ამ დისკუსიებში. ოპოზიციის პოზიცია, რომ დიდ რისკებს ხედავენ ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, ეს არგუმენტირებული არ არის. შესაბამისად, საამისოდ, ვეტოს დადებისთვის წინაპირობები არ არსებობს. არ არის ეს ისეთი მტკივნეული კანონპროექტი, რომლის შედეგადაც აპოკალიფსური სურათები უნდა დაიხატოს. არ არის ასე, ამას არ ვეთანხმები და შესაბამისად არგუმენტაცია, რომელსაც ოპოზიცია ასახელებს, სწორი არაა,”- განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

მსგავსი თემები