„ამაზე მეტი ანტიპროპაგანდა რა გინდათ? ამით ძალიან ცუდ სამსახურს უწევთ ქვეყანას“ – თენგიზ ცერცვაძე

  •  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხემძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს – ნანა გეგეჭკორს საქართველოს მოსახლეობისა და  ჯანდაცვის სისტემის დაბულინგებაში ადანაშაულებს.

„ამაზე მეტი ანტიპროპაგანდა რა გინდათ? ამით ძალიან ცუდ სამსახურს უწევთ ქვეყანას. მით უმეტეს, რომ საზოგადოების ნაწილს გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ რახან ამერიკაში მუშაობთ, თქვენი ყველა სიტყვა დასაჯერებელია“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე და კოლეგას დებატებს სთავაზობს, თუნდაც პაციენტის საწოლთან. 

„ის თუ გახსოვთ ქ-ნო ნანა, როგორ „გვაბულინგებდით“ თქვენ და თქვენი ასოციაციის წევრები საქართველოში რემდესივირის შემოტანაზე. მაშინ, როდესაც შესანიშნავად იცოდით, რომ რემდესივირი სწორად გამოყენებისას (ადრეულ სტადიაზე) ძალიან კარგად მუშაობს და ამერიკაში standard of care-ში არის შეტანილი და რატომ გინდოდათ, რომ მაინცდამაინც საქართველოში დარჩენილიყვნენ ავადმყოფები რემდესივირის გარეშე?

სხვათა შორის, საქართველოში რემდესივირი ძალიან კარგად მუშაობს და ბევრი ავადმყოფი გადაარჩინა დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და შესაძლო სიკვდილს. მინდა იცოდეთ, იმ კლინიკებს, რომლებიც სამწუხაროდ, თქვენი და თქვენი თანამოაზრეების გავლენის ქვეშ მოექცნენ და ავადმყოფებს რემდესივირს ჯიუტად არ უნიშნავენ, ბევრად უფრო ცუდი გამოსავლები აქვთ (ოფიციალური სტატისტიკით) და რაც მთავარია, ავადმყოფები ზარალდებიან.

რაც შეეხება COVID ვაქცინაციას, რომელიც დღეს პანდემიის დაძლევის მთავარი საშუალებაა, თქვენ აქაც არაგულწრფელი ბრძანდებით. ერთი მხრივ ამბობთ, რომ ვაქცინაცია საჭიროა, მაგრამ იქვე დასძენთ, რომ საქართველოს არა აქვს ვაქცინის შემდგომი მარტივი გართულებების მართვის უნარი?! და თქვენ ქართულ ჯანდაცვის სისტემაში თავს დაუცველად იგრძნობდით?!“ – აცხადებს ცერცვაძე.

მისივე შეფასებით, დიდი სიამოვნებით შეხვდებოდა კოლეგას საქართველოში, თუნდაც, პაციენტის საწოლთან. 

„ამაზე მეტი ანტიპროპაგანდა რა გინდათ? ამით ძალიან ცუდ სამსახურს უწევთ ქვეყანას. მით უმეტეს, რომ საზოგადოების ნაწილს გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ რახან ამერიკაში მუშაობთ, თქვენი ყველა სიტყვა დასაჯერებელია და ესეც არის ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი) მიზეზი იმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამართული ვაქცინაციის სამსახურია და ვაქცინების არჩევანიც საკმარისია (Pfizer, AstraZeneca, Sinopharm და სხვ.) მაინც მოსახლეობის 2%-იც კი არ არის ვაქცინირებული. არადა, თეორიულ განსჯას რომ თავი დავანებოთ, ისრაელის, არაბთა გაერთიანებული ემირატების, ბრიტანეთის, ამერიკის და სხვა ქვეყნების მაგალითი აჩვენებს, რომ მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციით არის შესაძლებელი COVID-19-ის ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით სიკვდილობის კლება და შესაბამისად, ყოველგვარი შეზღუდვების რაც შეიძლება სწრაფად მოხსნა და ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნება, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის.

ქ-ნო ნანა, თქვენ სავარაუდოდ კარგი ექიმი ბრძანდებით სერიოზული გამოცდილებით და მით უფრო სამწუხაროა, რომ საქართველოს მიმართ ასეთი პოზიცია აირჩიეთ. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ წინამდებარე წერილში ჩვენს მიერ მოყვანილი ფაქტები და შეფასებები სიმართლეს არ შეესაბამება, როდესაც თბილისში იქნებით, სიამოვნებით შეგხვდებით ტელედებატებში ან თუნდაც ავადმყოფის საწოლთან, რათა გავარკვიოთ ვინ ვინ არის“ – მიმართავს ცერცვაძე ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს.  

მსგავსი თემები