„ნიანგის ცრემლები… ამერიკიდან რომ გვედიდგულებით, ჩამობრძანდით და გადაარჩინეთ ერთი ავადმყოფი მაინც“ – თენგიზ ცერცვაძე

„ამერიკიდან რომ გვედიდგულებით, სადაც უთქვენოდაც მშვენივრად გაართმევენ ყველაფერს თავს. თუ მართლა ასე ძალიან გტკივათ გული იმაზე, რომ საქართველოში COVID აპოკალიფსია და ქვის ხანაში ვართ, რატომ არ ჩამობრძანდით ერთხელ მაინც როგორც ეს ბ-ნმა დავით მრელაშვილმა და სხვებმა გააკეთეს და რატომ არ შეეცადეთ ერთი COVID ავადმყოფი მაინც გადაგერჩინათ ჩვენი „უვარგისი“ ჯანდაცვის სისტემისგან“ – ასე მიმართავს თბილისის  ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს ნანა გეგეჭკორს.

როგორც მთავარი ინფექციონისტი განმარტავს,  ქართველ ექიმს, რომელმაც ვირუსი ორჯერ გადაიტანა, პირველად ტესტიც კი ვერ ჩაიტარა და ამ დროს, მის სამშობლოს ბოღმით ავსებს.

„ქ-ნო ნანა! თქვენ ამბობთ, რომ თქვენი სიცოცხლე ქართულ ჯანდაცვას რომ ებაროს, თავს დაუცველად იგრძნობდით და გართობებზე ვერ ივლიდით?! ამერიკაში ხომ გრძნობთ თავს დაცულად? რამდენადაც ვიცით, ორჯერ გადაიტანეთ COVID და თან პირველად (თქვენივე სიტყვებით) COVID ტესტიც კი ვერ გაიკეთეთ, რადგან თქვენი სამსახურის პროტოკოლი ამას არ ითვალისწინებდა. ამაზე მეტი საქართველოში რა დაგემართებოდათ? ან კიდევ ის 600 ათასამდე ამერიკელი, რომლებიც COVID-სგან გარდაიცვალნენ, თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ, ვიდრე საქართველოში, სადაც სულ 4200 გარდაცვლილი გვყავს?

ისე, რომ იცოდეთ, უცხოეთის მოქალაქეები, რომელთაც COVID საქართველოში გადაიტანეს და საქართველოს მოქალაქეები, ვინც COVID უცხოეთში გადაიტანა, თითქმის ერთხმად აღნიშნავენ საქართველოში COVID მომსახურების უკეთეს დონეს“ – მიმართავს ცერცვაძე აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმს.  

მისივე შეფასებით, „ნიანგის ცრემლები“ საჭირო არ არის.

„თქვენ ამბობთ, რომ გულწრფელად გტკივათ გული რასაც საქართველოში ყოველდღე უყურებთ. რა საჭიროა ეს „ნიანგის ცრემლები“? ვიღაც მართლა იფიქრებს, რომ ჩვენთან COVID-ის კუთხით რაღაც საშინელება ხდება და თქვენთან სამოთხეა. სინამდვილეში თქვენ გული სწორედ იმიტომ გტკივათ, რომ საქართველოში COVID-ს კარგად მართავენ. მართლა მაინტერესებს, რას უყურებთ (COVID-თან მიმართებაში და არა პოლიტიკაში ან ეკონომიკაში) საქართველოში ყოველდღე ისეთს, რასაც ევროპასა და ამერიკაში ვერ ხედავთ. იმას, რომ ლოს ანჯელესში, ლონდონში, პარიზში, სტოკჰოლმში და სხვა დიდ ქალაქებში არ ჰყოფნიდათ და არ ყოფნით ჰოსპიტალური საწოლები მძიმე ავადმყოფებისათვის, რის გამოც კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგები იდგა და მძიმე COVID ავადმყოფებს უხდებოდათ საშუალოდ 8 საათის გატარება სასწრაფო დახმარების მანქანაში, სანამ მათი ჰოსპიტალიზაცია მოხერხდებოდა.  ბევრი მათგანი კი საავადმყოფოში საერთოდ ვერ ხვდებოდა და ისე კვდებოდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიღებული ჰქონდათ მითითება, მოეხდინათ ავადმყოფების პრიორიტიზირება (ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მედიცინაში) და არ გადაეყვანათ კლინიკაში ე.წ. უიმედო ავადმყოფები?! ასევე არ გადაეყვანათ 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფები?! (შვედეთში) ვინაიდან არ ჰყოფნიდათ საწოლები, აგრეთვე ჟანგბადი მიეცათ მხოლოდ იმ ავადმყოფებისთვის, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალი იყო?! (რადგან ჟანგბადი არ ჰყოფნიდათ)“ – აცხადებს ცერცვაძე.

და ბოლოს, ინფექციონისტი ქართველ ექიმს მოუწოდებს, ამერიკიდან ნუ დიდგულობს და თუ რამე უკეთესად შეუძლია, ჩამოვიდეს და ერთი ინფიცირებული მაინც გადაარჩინოს.   

„ამერიკიდან რომ გვედიდგულებით, სადაც უთქვენოდაც მშვენივრად გაართმევენ ყველაფერს თავს, თუ მართლა ასე ძალიან გტკივათ გული იმაზე, რომ საქართველოში COVID აპოკალიფსია და ქვის ხანაში ვართ, რატომ არ ჩამობრძანდით ერთხელ მაინც როგორც ეს ბ-ნმა დავით მრელაშვილმა და სხვებმა გააკეთეს და რატომ არ შეეცადეთ ერთი COVID ავადმყოფი მაინც გადაგერჩინათ ჩვენი „უვარგისი“ ჯანდაცვის სისტემისგან“ – განმარტავს ცერცვაძე.

მსგავსი თემები