„კრემატორიუმები კრემაციას ვერ აუდიან და მოსახლეობა ტყეში ხეებს ჭრის და კოცონებს ანთებს, რათა გვამების კრემაცია შეძლონ?! – თენგიზ ცერცვაძე

“სამწუხაროდ, ქ-ნი ნანა გეგეჭკორი, რომელიც აშშ-ში საქმიანობს, თავის პოსტებში სისტემატურად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და კონკრეტულად COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახური ძალიან ცუდად მუშაობს. ამისთვის იგი არ ერიდება ტყუილს, ფაქტების დამახინჯებას და დემაგოგიას” – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და უკვირს, საიდან აქვს მას ამდენი ბოღმა და ღვარძლი.  

„ბოლო პოსტებში ქ-ნი ნანა იქამდეც კი მივიდა, რომ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ საქართველოში COVID-19-ის მხრივ ინდოეთზე ცუდი მდგომარეობაა?! ხოლო ინდოეთში რა საშინელებაც ხდება, ყველამ ვიცით. ის აგრეთვე ამბობს, რომ საქართველოს „არა აქვს უნარი მარტივი გართულებები უპრობლემოდ მართოს“ (გულისხმობს ვაქცინაციის შედეგად განვითარებულ ფატალურ შემთხვევას) და რომ „მისი სიცოცხლე ქართულ ჯანდაცვის სისტემას რომ ებაროს, თავს დაუცველად იგრძნობდა“ და ა.შ. ჩვენთვის გაუგებარია, თუ საიდან უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ქალბატონს ამდენი ბოღმა და ღვარძლი საკუთარი სამშობლოს მიმართ.

ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს ინდოეთში არსებულ ვითარებას ახსენებს და ეკითხება:

„ქ-ნო ნანა, თუ ინდოეთთან ასოციაცია მხოლოდ იმიტომ გაგიჩნდათ, რომ საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე ინდოეთზე მეტი COVID გარდაცვლილია, მაშინ ამერიკაში კიდევ უფრო მეტი გარდაცვლილია (ბევრად მეტი), კერძოდ, ა.წ. 29 აპრილის მონაცემებით ინდოეთში ოფიციალური მონაცემებით ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე მოდიოდა 150 გარდაცვლილი, საქართველოში 1032, ხოლო აშშ-ში 1771. რა გამოდის ამერიკა მთლად წყალწაღებული ყოფილა? სინამდვილეში შესანიშნავად იცით, რომ ინდოეთში გარდაცვლილთა აღრიცხვა არაზუსტია და გარდაცვლილთა რეალური რიცხვი სულ ცოტა 10-ჯერ უფრო მეტია. ესეც რომ არ იყოს, როგორ ადარებთ საქართველოს ინდოეთს, სადაც COVID ავადმყოფები ჰოსპიტალური საწოლების, სამედიცინო სერვისების, მედიკამენტების და განსაკუთრებით ჟანგბადის არქონის გამო მასიურად იღუპებიან ბინებში, საავადმყოფოს ეზოებში, ქუჩებშიც კი.

კრემატორიუმები კრემაციას ვერ აუდიან და მოსახლეობა ტყეში ხეებს ჭრის?! და კოცონებს ანთებს?! რათა გვამების კრემაცია შეძლონ.

გაგიგიათ, რომ საქართველოში ოდესმე მსგავსი ხდებოდა? თუ თქვენ გინდათ, რომ ასე იყოს. საქართველოში ხომ COVID პაციენტთა ნაკადების მართვა და მით უმეტეს, ჰოსპიტლებში მათი მკურნალობა ერთ-ერთი საუკეთესოა (მოგწონთ ეს თქვენ, თუ არა). თვით ყველაზე მძიმე ნოემბერ-დეკემბერშიც კი მართალია გვქონდა სერიოზული ხარვეზები და შეფერხებები, მაგრამ მაინც ნაკლები, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნებს“ – აცხადებს ცერცვაძე.

მსგავსი თემები