„ქვეყანას ე.წ. ბერძნული სცენარი ემუქრება, რომელიც გაკოტრებას ნიშნავს – ლევან ვასაძის სამი ხედვა

„ე.წ. დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერით მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა. როგორცა ჩანს,  ამის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო დამატებითი 400 მილიონი ევროს ოდენობის ვალი, რომელსაც ასევე არაეფექტური და მავნებელი პოლიტიკური სპექტრი დახარჯავს ორიოდე თვეში“ – ასეთია ლევან ვასაძის პოლიტიკურ გზავნილი, რომელმაც საზოგადოებას ახალი მოძრაობა – „ერთობა, რაობა, იმედი“ წარუდგინა.    

როგორც ლევან ვასაძე განმარტავს, მავნებელი პოლიტიკური სპექტრი თავისი თეატრალური ურთიერთდაპირისპირების ხმაურში ვალებს ქვეყანას შეატოვებს.

„საქართველოს საგარეო ვალი უახლოვდება მ.შ.პ.-ს 70%-იან  საგანგაშო ნიშნულს და ქვეყანას, ყველა ზემოთ აღნიშნულ უბედურებასთან ერთად ემუქრება ე.წ. ბერძნული სცენარი.  ანუ, ქვეყნის გაკოტრების თითქმის უკვე გარდაუვალი საშიშროება, რომელიც ჩვენს ისედაც გაღატაკებულ და გაუბედურებულ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტი გაჭირვებით ემუქრება. ამ ვითარებაში ლამის სიგიჟის ტოლფასად მეჩვენება ამ უიმედო ვითარებაში ჩარევისა და რამის გამოსწორების მცდელობა, ასე ერთ პირად შეკრული და უფსკრულისაკენ მიმავალი პოლიტიკური ელიტის პირობებში“ – განმარტავს ვასაძე.

ბიზნესმენმა, რომელიც პოლიტიკაში ინაცვლებს, საზოგადოებას შექმნილი ვითარებიდან შემდეგი გამოსავალი შესთავაზა:

„გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან ვხედავ რადიკალური პოლიტიკურ რეფორმაში, რომლის ძირითადი მახასიათებლებიცაა:  ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული საპრეზიდენტო მოდელის აღდგენა; პროპორციულის ნაცვლად მაჟორიტარული საპარლამენტო სისტემის განვითარებას, სადაც ყველა პარლამენტარი პირადად არის პასუხისმგებელი ამომრჩეველთა წინაშე და სახელმწიფოს მხრიდან ცივილიზებული რეგულირება ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური ინსტიტუტების მუშაობისა, ეკონომიკის განვითარების მიზნით. ამიტომ ვქმნი საზოგადოებრივ მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“ (ე.რ.ი)“ – განაცხადა ლევან ვასაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები