„დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერით მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა“ – ლევან ვასაძე

„საქართველოში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარების დახასიათება შეიძლება მხოლოდ როგორც ქაოტიური და  კატასტროფული. არ ჩანს, თუნდაც რამდენადმე მსხვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ქაოსს გაემიჯნებოდა“ – აცხადებს ლევან ვასაძე, რომელმაც საზოგადოებას დღეს ახალი მოძრაობა – „ერთობა, რაობა, იმედი“ წარუდგინა.     

მისივე შეფასებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა, რომელიც ყველაზე ნაკლებად ემსახურება და ითვალისწინებს ხალხის ინტერესებსა და ნებას და მთლიანად მომართულია თვითგამოცხადებული პოლიტიკური ელიტისა და მათი უცხოელი მრჩეველების ინტერესების მომსახურებაზე.

„ყველა პოლიტიკური მოთამაშე ჩართულია ზემოთხსენებული ძალაუფლების გადანაწილების სრულიად უპერსპექტივო ქარვასლაში და საქართველოს უმთავრესი ამოცანები, როგორებიცაა ტერიტორიული გამთლიანება, დემოგრაფიული განადგურების შეჩერება-შეტრიალება, ქვეყანაში დასაქმების და ოჯახებისთვის ღირსეული საარსებო პირობების შექმნა სრულიად უგულებელყოფილია. მემკვიდრეობად გვერგო „ოცნების“ უნიჭო მმართველობის შედეგად ხელოვნურად რეანიმირებული „ნაცების“ რევანშის სრულიად ხელშესახები საშიშროება და ქვეყანაში სრული უსამართლობისა და დაუსჯელობის სინდრომის განცდა“ – აცხადებს ლევა ვასაძე.

მისი თქმით, პოლიტიკაში გადანაცვლების ბოლო წვეთი „დანიელსონისეული“ დოკუმენტი გახდა.

„ბოლო წვეთი, პირადად ჩემთვის გახდა დანიელსონის დოკუმენტად ცნობილი სრულიად მიუღებელ და მავნებელ დოკუმენტზე ხელის მოწერის ფაქტი, როგორც „ქართული ოცნების“, ისე კოლექტიური ოპოზიციის მხრიდან.  მის მიხედვით, სრულდება არა მარტო აშკარა კანონდამრღვევთა გათავისუფლების აღმაშფოთებელი მოთხოვნა, არამედ, ქართული სახელმწიფო კარგავს თავისი, ისედაც შელახული და სუსტი სუვერენიტეტის ნარჩენებსაც. ეს იმიტომ, რომ ამ დოკუმენტის მიხედვით, სახელისუფლებო ვერტიკალის კიდევ უფრო მეტი ფრაგმენტაციის გარდა. ჩვენს ქვეყანას ერთმევა უფლება, დამოუკიდებლად ამუშაოს ცესკო, იუსტიციის საბჭო, რომელიც მოსამართლეებს ნიშნავს და ანტიკორუფციული სამსახური, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის ძირითადი ბერკეტები, რომლებშიც აწი უცხოელები ჩაერევიან, რომლებიც არათუ ჩვენს ქვეყანაში, არამედ თავიანთ ქვეყნებშიც არავის აურჩევია და უბრალოდ არიან უცხოელი ბიუროკრატები. ამრიგად, ე.წ. დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერით მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა“ – განმარტა ლევან ვასაძემ მედიასთან.

მსგავსი თემები