„გაუთავებელი ფარიკაობა სკამებზე, როგორ შეიძლება ასეთ დროს თავი შეყო „პოლიტიკურ ღუმელში“ – ლევან ვასაძე  

„ვერტიკალების მოშლა და ქაოტიზაცია, როგორც ხალხში იტყვიან, ქვეყანას აღარა ჰყავს პატრონი“ –  ასე აფასებს ლევან ვასაძე ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებას და იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც ის აიძულა, პოლიტიკური სვლა გაეკეთებინა.      

„მე მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში მძიმე გადაწვეტილება დავემშვიდობო კერძო პირის სტატუსს და გამოვიდე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე. ამ გადაწყვეტილების უმთავრესი მიზეზი გახდა საქართველოში განვითარებული პერმანენტული კრიზისი, რომელიც მოიცავს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სფეროებს, არ იძლევა ჩაცხრობისა და სტაბილიზაციის არავითარ ნიშნებს და ემუქრება ქვეყანას გამძაფრებითა და არყევს სახელმწიფოს ეგზისტენციალურ საფუძვლებს” – ასე ახსნა ლევან ვასაძემ პოლიტიკაში გადანაცვლების აუცილებლობა.

მან არსებული პოლიტიკური ვითარება, პარტიები, მათი პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა, თავისი ინტერესებით ცალკე დგას, პრტიებს კი მხოლოდ სკამებისთვის ფარიკაობით არიან დაკავებულები.    

„ვხედავთ გაუთავებელ ფარიკაობას სკამებზე, თანამდებობებზე და ეს ყველაფერი ხდება ხალხის ხარჯზე. როგორ შეიძლება გინდოდეს, ასეთ დროს თავი შეყო „პოლიტიკურ ღუმელში?“ ჩემი აზრით, ამ ყოვლისმომცველი კრიზისის მთავარი მიზეზი გახლავთ ის პოლიტიკური რეფორმა, რომელიც ქვეყანაში ჩატარდა ბოლო წლებში. დაიწყო ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობისას და გაგრძელდა და გაღრმავდა „ქართული ოცნების“ მმართველობის ხანაში.

ამ რეფორმის შედეგად, ჩვენს ქვეყანაში მოხდა სახელისუფლებო ვერტიკალების მოშლა და ქაოტიზაცია, როგორც ხალხში იტყვიან, ქვეყანას აღარა ჰყავს პატრონი, და ჩვენი პოლიტიკური ე.წ. ისტემბლიშმენტი, რომელიც ამ რეფორმის თანაავტორად გვევლინება ჩაფლულია ძალაუფლებისა და სკამებისთვის გაუთავებელი ბრძოლის იწილო-ბიწილოში, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების მოვლა-მოგვარებასთან“ – განაცხადა ლევან ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძემ დღეს პოლიტიკური განცხადება გააკეთა და მედიას ახალი მოძრაობა წარუდგინა, რომელიც მალე პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდება.

მსგავსი თემები