„ნაცვლად ნამდვილი სახალხო მმართველობისა, ანუ დემოკრატიისა, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა, რომელიც ყველაზე ნაკლებად ემსახურება და ითვალისწინებს ხალხის ინტერესებსა და ნებას და მთლიანად მომართულია თვითგამოცხადებული პოლიტიკური ელიტისა და მათი უცხოელი მრჩეველების ინტერესების მომსახურებაზე,“ – ამის შესახებ ლევან ვასაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ქაოტური უწოდა:
„ამრიგად საქართველოში არსებული სოციო-პოლიტიკური ვითარების დახასიათება შეიძლება მხოლოდ როგორც ქაოტიური და ქვეყნის კატასტროფულისა და არ ჩანს, თუნდაც რამდენადმე მსხვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ქაოსს გაემიჯნებოდა და ჩვენს ერს ქვეყნის განვითარების ქმედით ალტერნატივას შესთავაზებდა.
ყველა პოლიტიკური მოთამაშე ჩართულია ზემოთ ხსენებული ძალაუფლების გადანაწილების სრულიად უპერსპექტივო ქარვასლაში და საქართველოს უმთავრესი ამოცანები, როგორებიცაა ტერიტორიული გამთლიანება, დემოგრაფიული განადგურების შეჩერება-შეტრიალება, ქვეყანაში დასაქმების და ოჯახებისათვის ღირსეული საარსებო პირობების შექმნა სრულიად უგულებელყოფილია. გასულ შემოდგომას ჩატარებული არჩევნები სწორედ ისე დამთავრდა როგორც ჩვენ არაერთხელ საჯაროდ ვიწინასწარმეტყველეთ: ამომრჩეველთა უკიდურესად დაბალი აქტივობის ფონზე, ჩვენ მივიღეთ ის, რაც გვაქვს და ბიძინა ივანიშვილის და მისი ერთგული კადრების ნაწილის არჩევნების მერე ხელისუფლებიდან ფორმალური წასვლის შემდეგ,“ – აღნიშნა ვასაძემ.
მანვე გამნარტა, რომ საქართველოში პოლიტიკური ველი არ იცვლება, რამაც განაპირობა მისი წასვლა ბიზნესიდან პოლიტიკაში:
„ორი მემვიდრებად გვერგო „ოცნების“ უნიჭო მაართველობის შედეგად ხელოვნურად რეანიმირებული „ნაცების“ რევანშის სრულიად ხელშესახები საშიშროება და ქვეყანაში სრული უსამართლობისა და დაუსჯელობის სინდრომის განცდა.
ბოლო წვეთი, პირადად ჩემთვის გახდა დანიელსონის დოკუმენტად ცნობილი სრულიად მიუღებელ და მავნებელ დოკუმენტზე ხელის მოწერის ფაქტი, როგორც „ქართული ოცნების“, ისე კოლექტიური ოპოზიციის მხრიდან, რომლის მიხედვითაც სრულდება არა მარტო აშკარა კანონ – დამრღვევთა გათავისუფლების აღმაშფოთებელი მოთხოვნა, არამედ ქართული სახელმწიფო კარგავს თავისი, ისედაც შელახული და სუსტი სუვერენიტეტის ნარჩენებსაც. ეს იმიტომ, რომ ამ დოკუმენტის მიხედვით, სახელისუფლებო ვერტიკალის კიდევ უფრო მეტი ფრაგმენტაციის გარდა, აწი ჩვენს ქვეყანას ერთმევა უფლება დამოუკიდებლად ამუშაოს ცესკო, იუსტიციის საბჭო, რომელიც მოსამართლეებს ნიშნავს, და ანტი-კორუფციული სამსახური, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის ძირითადი ბერკეტები, რომლებშიც აწი უცხოელები ჩაერევიან, რომლებიც არათუ ჩვენს ქვეყანაში, არამედ თავიანთ ქვეყნებშიც არავის აურჩევია და უბრალოდ არიან უცხოელი ბიუროკრატები,“ – აღნიშნა ვასაძემ.