“ბოლო წვეთი იყო შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა” – ლევან ვასაძე

ლევან ვასაძეს შარლ მიშელის დოკუმენტი არ მოწონს – ამის შესახებ ბიზნესმენმა საზოგადოებრივი გაერთიანების “ერთობა, რაობა, იმედი” პრეზენტაციის დროს განაცხადა. პრორუსული განწყობით ცნობილმა ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიშელის დოკუმენტზე ქართველი პოლიტიკოსების ხელმოწერის შემდეგ მიიღო.

“ბოლო წვეთი იყო დანიელსონის დოკუმენტად ცნობილ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, როგორც “ქართული ოცნების”, ისე გაერთიანებული ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან.

თუ ეს დოკუმენტი ბოლომდე განხორციელდა და ძალაში შევიდა, ჩვენს ქვეყანას მისი ისედაც შეზღუდული, შევიწროებული და მცირე სუვერენიტეტი თითქმის აღარ რჩება იმის გამო, რომ  ჩვენი სახელმწიფო თვითონ ვეღარ წყვეტს, როგორ იმუშაოს ცესკომ და როგორ დათვალოს ხმები, ვეღარ წყვეტს ვინ დანიშნოს მოსამართლედ და ვინ არა უცხოელების ჩარევის გარეშე”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე შეფასებით, ქვეყნის ინსტიტუტების განადგურება “ნაციონალური მოძრაობის” დროს  დაიწყო და “ქართული ოცნების” დროს გაგრძელდა.

“შორს ვარ იმ ამპარტავნებისგან და კადნიერებისგან, რომ ერთ რომელიმე პიროვნებას ჩემი თავის ჩათვლით შეუძლია ამის აღმოფხვრა,” – განაცხადა ვასაძემ.

მსგავსი თემები