გორიჯვრის ეკლესიაში მომლოცველები რეგულაციების დაცვით მიდიან

გიორგობას, გორიჯვრის ეკლესიაში მისვლას მომლოცველები რეგულაციების დაცვით შეძლებენ.

„პირველ რიგში, ვულოცავ შიდა ქართლის მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს. მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინება მომლოცველებს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებითაც მოუწევთ. გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან მისვლა ავტომობილებით დაშვებული არ არის, მომლოცველები ქვეითად შეძლებენ გორიჯვარზე ასვლას, თუმცა, მკაცრად გაკონტროლდება დისტანციისა და პირბადის ტარებაზე არსებული რეგულაციის დაცვა. მოქმედი რეგულაციების აღსრულებას პოლიცია აკონტროლებს“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა მამუკა საღარეიშვილმა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს – 6 მაისს, წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

მსგავსი თემები