სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

პრეზიდენტმა რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა, მათ შორის, „გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიასთან. როგორც ხვიჩია აცხადებს, პრეზიდენტი მისგან დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილი სხვა ოპოზიციონერებისგანაც სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით მოისმენს შეფასებებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

მსგავსი თემები