პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დაცვა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუნარჩუნდება

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი  დღეს “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუნარჩუნდებათ.

“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს კომიტეტს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე წარუდგენს. ცვლილებების მიხედვით, უქმდება “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში.

მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებსაც ენიშნებათ პერსონალური დაცვა და ის პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე უნარჩუნდებათ. პარლამენტის თავმჯდომარეს კი სახელმწიფო დაცვა ახალი მოწვევის პარლამენტამდე უნარჩუნდება.

რაც შეეხება კანონში შესატან ცვლილებებს, როგორც პრეზიდენტს, ისე  პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალუი დაცვა სავალდებულო წესით უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდებათ. თუმცა, არსებობს გამონაკლისი. კერძოდ, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ასევე, მათივე ოჯახის წევრებს, აგრეთვე უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, სამსახურის სხვა დასაცავ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს დაცვა შეიძლება დაენიშნოთ მთავრობის გადაწყვეტილებით შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე – კერძოდ, თუ კი მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოამზადა, ხოლო განსახილველად პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

მსგავსი თემები