“აწარმოე საქართველოში” მეწარმეთა გაძლიერების საუკეთესო შესაძლებლობაა – გურამ მაჭარაშვილი 

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ლაგოდეხის ბიუროს ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით, ლაგოდეხში სააგენტო “აწარმოე საქართველოს“ წარმომადგენლებმა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრას ადგილობრივი მეწარმეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე მომხსენებლებმა მიკრო და მცირე მეწარმეთა მხარდაჭერის, რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიისა და ექსპორტის ხელშეწყობის საკითხებზე ისაუბრეს. სააგენტოს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს საკონსულტაციო მომსახურებაზე, რომელიც გათვალისწინებულია პროგრამაში მონაწილე თითოეული ბენეფიციარისთვის.

შეხვედრაში მინაწილეობდა ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მისი შეფასებით, პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პროგრამაა, რომელმაც წლების განმავლობაში არა ერთ მცირე მეწარმეს მისცა გაძლიერებისა და გადაიარაღების შესაძლებლობა.

“მსგავსი შეხვედრები მოქალაქეთა ინფორმირებისთვის საჭირო და აუცილებელია. მოსახლეობის ინტერესმა დაგვანახა, რომ ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს. დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ, პროგრამას დეტალურად დაეცნონ და ისარგებლონ. აღსანიშნავია ადგილობრივი მოსახლეობის მაღალი ჩართულობა. შეხვედრის მონაწილეთა უმეტესობას დიდი და მცირე მეწარმეები შეადგენდნენ. მათ ყველა კითხვაზე მომხსენებლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. მაჟორიტარის ბიურო, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

2018 წლის მარტის მონაცემებით პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“, ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 344 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 850 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 14 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.

 

მსგავსი თემები