„ლისის მეწყერი აუცილებლად წამოვა, თუმცა, არაპროგნოზირებადია, როდის“ – სეისმოლოგი „მედიაცენტრ მთავართან“

„ლისის ფერდი ძალიან დიდი სხეულია, რომელიც გელოვანის გამზირის ბოლომდე გრძელდება, ის აუცილებლად წამოვა ნაწილ ნაწილ“ – აცხადებს „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავართან.

მისივე შეფასებით, ფერდზე კორპუსებს საყრდენი გამოცლილი აქვს და გრუნტი მოძრაობაშია მოსული.    

„ის, რაც მოჭრილია, აუცილებელია მათი გამაგრება. ხედავთ, რომ პრობლემები შეიქმნა, იგივე, საბავშვო ბაღს პრობლემა შეექმნა, გვერდით მდგომ კორპუსს პრობლემა შეექმნა, გრუნტი მთლიანად დაბზარულია. რადგანაც, ამხელა მასის მოჭრით უკვე არსებულ კორპუსებს საყრდენი გამოაცალეს. მთლიანად გასაჩერებელია ეს მშენებლობები და გადასახედი და შესასწავლია პრობლემა მთლიანად. მშენებლობები იქ აუცილებად უნდა შეჩერდეს“  – აცხადებს გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე თქმით, ლისის ფერდზე დაძრულ მეწყერს უკვე არაფერი ეშველება.

„უკვე დაძრულ მეწყერს არაფერი შველის. ნაწილობრივ, თუ შეიძლება გრუნტი გაიტანოთ, ისიც უნდა იცოდეთ, როგორ გაიტანოთ. მისი მოხსნა როგორ უნდა მოხდეს. პრობლემას ქმნის ისიც, რომ კანონმდებლობით ფერდის სტაბილურობის შესწავლა არ მოითხოვება.  არც ერთი გეოლოგი ამაზე არ ამახვილებს ყურადღებას და დასკვნაში არც წერს. ზოგადად, არის პატარა მეწყერი, რომელიც ლოკალურია და არის დიდი მეწყერი. ლისის ფერდის შემთხვევაში კი საუბარია ძალიან დიდ სხეულზე. ლისის ფერდი არის ძალიან დიდი სხეული, რომელიც გელოვანის გამზირის ბოლომდე გრძელდება. ნაპრალები ზემოთაც არის, რომელიც ამოავსეს და ქვემოთაც. ის აუცილებლად წამოვა ნაწილ ნაწილ. თუმცა არაპროგნოზირებადია, როგორც მიწისძვრა. ვერავინ იტყვის, ეს როდის მოხდება“ – განაცხადა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.            

მსგავსი თემები