ამნისტიის კანონპროექტი ძებნილებზეც გავრცელდება

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტი იმ ადამიანებსაც შეეხებათ, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებიან. კანონპროექტის მიხედვით, შესაბამის გადაწყვეტილებას იღეს საქმის პროკურორი და მოსამართლე მიიღებს.   

„გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის, მათ შორის ძებნილი ბრალდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში იღებს შესაბამისი პროკურორი. პირის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება“ – ვკითხულობთ კანონპროექტში.

მის მიხედვით, ამნისტიის გავრცელების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიება უქმდება.

„სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე ბრალდებულის, მათ შორის ძებნილი ბრალდებულის, ასევე მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს სასამართლო სხდომაზე ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, იღებს შესაბამისი სასამართლო. პირის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.

თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო“ – ვკითხულობთ პარლამენტში ინიცირებულ დოკუმენტში.

მსგავსი თემები