ობიექტებს, რომელთა პერსონალიც ვაქცინირებული იქნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ტურისტულ ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, ე.წ. კოვიდუსაფრთხო ობიექტებად ჩაითვლება.

ნათია თურნავას განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო და მასში შემავალი ტურისტული ადმინისტრაცია იმუშავებს სხვადასხვა ასოციაციასთან, შეიქმნება სპეციალური სიები რესტორნების, სასტუმროების, ტუროპერატორი კომპანიების, რომელთა თანამშრომლების უმრავლესობა ნებაყოფლობით, მაგრამ ორგანიზებულად აიცრება.

ამ გზით მთავრობა ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის გახსნას იწყებს.

“დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ უწყებათაშორის საბჭოზე. საუბარი არის ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიაზე. გადავწყვიტეთ პრემიერ-მინისტრის დავალებით, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში.

ჩვენ და ჩვენს სამინისტროში შემავალი ტურისტული ადმინისტრაცია იმუშავებენ სხვადასხვა ასოციაციასთან: ეს არის ტურისტული ასოციაციები, რესტორატორთა და სასტუმროების ასოციაციები იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიის თანამშრომლების და მოხდება მათი ნებაყოფლობითი, რასაკვირველია, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაცია, ჯანდაცვის სამინისტრო ამაში შემდეგ დაგვეხმარება და შედეგად ის ორგანიზაციები და კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უდიდესი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, იმ წესების დაცვით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს, იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება ე.წ. კოვიდუსაფრთხო სასტუმროებად, რესტორნებად, კომპანიებად და ჩვენს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენ ხელთ არსებული მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ მათ პრომოუშენს, მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ საქართველოში ესა თუ ის სასტუმრო თუ რესტორანი კოვიდუსაფრთხოა.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია. იცით, რომ თითქმის ყოველკვირეულად გვემატება ახალი ფრენები, ავიაკომპანიები აღდგენენ და ახალ მიმართულებებს აცხადებენ საერთაშორისო ფრენების და ახლა მთავარი, მნიშვნელოვანი კომპონენტი არის კოვიდუსაფრთხო მასპინძლობა,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები