“ნიკა მელიას კანონდარღვევით სურდა შარავანდედის მოხვეჭა” – ირაკლი ქადაგიშვილი

ნიკა მელიას კანონდარღვევით სურდა შარავანდედის მოხვეჭა, რეალურად კი საპატიმროში აღმოჩნდა და ახლა იძულებულია დათანხმდეს გირაოს,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიას დაგეგმილი პროვოკაცია არ გამოუვიდა.

“მისი ყველა განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ გამოჩენილიყო თავისუფლებისთვის და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად. სინამდვილეში ის ტრანსფორმირდა ადამიანად, რომელმაც დაარღვია კანონი და კანონდარღვევით სურდა შარავანდედის მოხვეჭა, რეალურად კი აღმოჩნდა საპატიმროში და ახლა იძულებულია დათანხმდეს გირაოს, რადგან იცის, რომ აბსოლუტურად წამგებიანი, უპერსპექტივო, ძალიან დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის მისი პატიმრობაში ყოფნა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ჰქვია უპრინციპობა, სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა და პოლიტიკური ბრძოლის მარგინალიზაცია,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება ამნისტიის პროექტს, როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, იმის მიუხედავად, მიიღებს, თუ არა მას ნიკა მელია, ამნისტია მაინც შედგება, რადგან ამაზე ვალდებულება აქვთ აღებული. მისივე თქმით, მელიას მოუწევს ან დათანხმდეს ამნისტიას ან გააგრძელოს ბრძოლა სასამართლოში.

“სამწუხაროდ, ნიკა მელია თავიდან რომ აცდა პოლიტიკური მოვლენების განვითარების ლოგიკას, ჯერაც ვერ გამოსულა აქედან, იმედია გამოვა თავისუფლებაზე და უფრო მეტი საშუალება ექნება გაერკვეს იმ ვითარებაში, რაშიც არის პოლიტიკური პროცესი, ეს ამნისტია აუცილებლად შედგება,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები