სმიტების ოჯახის ტრაგედიის შემდეგ ამერიკელ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა არ სურთ

ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის შემდეგ, ტურისტებმა არაერთი ჯავშანი გააუქმეს. ევროპიდან თუ ამერიკიდან არაერთი ტურისტული ჯგუფი მოიხსნა, რადგანაც, ფიქრობენ, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხო არ არის.

როგორც „მთავარს“ ერთ-ერთი მაღალი კატეგორიის ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელმა თიკა სვანიძე – ვანკომ განუცხადა, ამ მომხდარი ტრაგედიის გამო 3 დიდი ჯავშანი გაუქმდა, რომელშიც უმაღლესი კატეგორიის  ტურისტები იყვნენ.

„ძალიან გამაოგნებელი იყო რაც მოხდა. ასეთი სადისტური მკვლელობა ძალიან იშვიათად თუ ხდება. განსაკუთრებით უცხოელზე. როცა ცნობილია და მეც ყველა ტურისტს ვეუბნები, რომ საქართველოში ლეგენდარული სტუმართმოყვარეობაა და ვუხსნი, რომ სტუმარი არის ღვთის, ვაცნობ, როგორ მისცა ღმერთმა საქართველოს ეს მიწა-წყალი და ვეუბნები, რომ  ერთხელ როცა ჩამობრძანდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ქართველო ხალხი გიღებთ როგორც ღმერთს  და როგორც ღმერთის საჩუქარს.  ამ დროს ხდება ეს უბედურება. ამ ამბების მერე 3 დიდი ტურისტული ჯავშანი გაუქმდა ამერიკიდან  და ამ ჯგუფში ძალიან მაღალი, უმაღლესი კატეგორიის სტუმრები იყვნენ,“ – ამბობს თიკა სვანიძე – ვანკო.

მისი შეფასებით, ტურისტებს ეშინიათ,  რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხო არ არის.

„თიკა ტური“ ერთადერთი კომპანიაა, ვინც საქართველო – აზიის კავშირი დაამყარა და აზიიდან უმაღლესი კატეგორიის ტურისტები, ინვესტორები და ბიზნესმენები შემოიყვანა.

როგორც რესპონდენტი ამბობს, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ტურისტებისთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა. ერთი შემთხვევა უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და მთავარია უსაფრთხოება.

 

მსგავსი თემები