„უამრავი არგუმენტი არსებობს, რატომ უნდა გადმოვიდეს პარლამენტი თბილისში“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე  იმ არგუმენტებს ასახელებს, რის გამოც პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში უნდა გადმოვიდეს.  დეპუტატის თქმით, 360 მილიონი ლარით, რომელიც ქუთაისის პარლამენტის მშენებლობისთვის დაიხარჯა,  ამ ქალაქისთვის ძალიან ბევრი რამეს გაკეთება შეიძლებოდა.

„პირველ რიგში, პარლამენტის ქუთაისში მუშაობა ფუნქციონალურად გაუმართლებელია. საკანონმდებლო ხელისუფლება მოწყვეტილია აღმასრულებელ ხელისუფლებას.   იხარჯება ზედმეტი თანხა, ფაქტიურად, არამიზნობრივად; იხარჯება დრო და ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი მინდა გავიხსენო –  ხანძრის დროს, ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობისთვის საჯარისო ფორმირებისთვის ლეგიტიმაცია რომ მიგვეცა, 3 წუთიანი პროცედურისთვის  მთელ პარლამენტს, აპარატთან ერთად, ქუთაისში მოგვიწია ჩამოსვლა. ხმა მივეცით და დავბრუნდით“ – აცხადებს დეპუტატი.

რაც შეეხება სხვა არგუმენტებს, კერძოდ რა სარგებელი მიიღო ქუთაისმა პარლამენტის ქუთაისში მუშაობით, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, თითქმის არაფერი.

„150 დეპუტატის საცხოვრებელში თანხის გადახდა ქუთაისისთვის სარგებელს არ ცვლის. იმ 360 მილიონით, რომელიც ქუთაისის პარლამენტის მშენებლობისთვის დაიხარჯა, ამ ქალაქისთვის ძალიან ბევრი რამეს გაკეთება შეიძლებოდა. წყალი და კანალიზაცია არ გაუკეთებიათ, რასაც ამდენი ფული არც სჭირდებოდა. არგუმენტი ძალიან ბევრია. თუნდაც მარტივი და რამდენიმე წუთიანი პროცედურები, როს გამოც მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც ქუთაისში უწევთ ჩამოსვლა.

ამდენი ხარჯი, საწვავი, დროს, რისკი გზაზე გაუმართლებელია. მთავარი არგუმენტი ის არის, რომ თუ ქუთაისზე დარდი ჰქონდათ, პარლამენტის აშენება კი არ იყო საჭირო, საჭირო იყო ეს თანხა ქუთაისის კეთილმოწყობისთვის დაეხარჯათ“ – აღნიშნა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პარლამენტის თბილისში გადასვლა არ ნიშნავს, რომ ქუთაისის შენობას მტვერი დაედება. „პარლამენტის გადმოტანას თავიდანვე მხარს ვუჭერდი და გული მწყდებოდა, რომ მერვე მოწვევის პარლამენტმა ეს ვერ შეძლო. ზოგიერთები რომ ამბობენ საბჭოთა ეპოქაში ვბრუნდებით, მაშინ ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები  საბჭოთა ეპოქაში ყოფილა. სად ნახეს, რომ პარლამენტი არ  არის დედაქალაქში და მოწყვეტილია აღმასრულებელ ხელისუფლებას“, – კითხულობს დეპუტატი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ „მოამბეში“ გაიპარა შეცდომა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის წინააღმდეგია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

77 მომხრე 1 წინააღმდეგი –  ასე დასრულდა საქართველოს პარლამენტის სხდომა, სადაც რეგლამენტის პროექტი პირველი მოსმენით მიიღეს.  პროექტის კორექტირებულ ვარიანტში უკვე ასახულია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი, პარლამენტის სასახლე, რუსთაველის გამზირი #8.

 

მსგავსი თემები