ეუთო/ოდირი საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლილების გამო საქართველოს აკრიტიკებს

საქართველოში მიღებულ პრაქტიკას, საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლილების გამო, ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია აკრიტიკებს. როგორც გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ,  საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკა საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის გაწეული ძალისხმევის შელახვის საფრთხეს ქმნის.

„წინასწარი შეფასების სახით ვიტყვით, რომ საარჩევნო კანონის ნებისმიერი სახის წარმატებული ცვლილება უნდა აიგოს, სულ მცირე, შემდგომ სამ ელემენტზე: 1. ცხადი და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და მიმართულია წინამდებარე რეკომენდაციების შესრულებისკენ; 2. კანონმდებლობა უნდა იქნას მიღებული ფართო კონსენსუსის საფუძველზე, გაფართოვებული საჯარო განხილვის შედეგად და 3. უნდა იყოს პოლიტიკური ნება, რათა სრულად მოხდეს მსგავსი კანონმდებლობის იმპლემენტაცია. მსგავსი ჩასწორებების მიღების ღია და გამჭვირვალე მოსამზადებელი პროცესი ზრდის სანდოობას მიღებული კანონმდებლობის მიმართ და ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ“ – ვკითხულობთ დასკვნაში.

დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები, თუ ამისი აუცილებლობა არსებობს, უნდა მოხდეს არჩევნებამდე დიდი პერიოდით ადრე.

„საარჩევნო კანონმდებლობა და განსაკუთრებით, ფუნდამენტური ელემენტები მიღებულ უნდა იქნას შემდეგ არჩევნებამდე საკმაო პერიოდით ადრე. საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების ხშირი შეტანის საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკა, საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის გაწეული ძალისხმევის შელახვის საფრთხეს ქმნის,“-  ვკითხულობთ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

მსგავსი თემები