საქართველოში სავალდებულო აცრების დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, ​პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო ხანებში აქტიურად მიმდინარეობს სავალდებულო აცრების დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია ქართულ პოლიტიკაში ჩართული, არაკვალიფიციური პირების მხრიდან.

​როგორცმედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ განაცხადა, აცრების ჩაგდების გამო, შესაძლოა ისეთი დაავადებები მობრუნდეს, რომლებიც საქართველოში უკვე დავიწყებულია, მაგრამ მათი ვირუსები სხვა ქვეყნებში არსებობს. მათ შორის, პოლიომელითი.

“გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში, საქართველოში დიფტერია მძვინვარებდა, იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის პირველ წლებში აცრები ჩავარდა და მაშინ, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ ეპიდემიას. როგორც კი რომელიმე დაავადების საწინააღმდეგო აცრები მოიკლებს, დავიწყებული დაავადებები ისევ თავს იჩენს”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

​პაატა იმნაძის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებსა და არც ერთ პოლიტიკურ ძალას, არასოდეს დაუყენებიათ ეჭვქვეშ იმუნიცაზიის პროგრამის საჭიროება.

​ავღანეთში ომი წყდებოდა ხოლმე, იმისათვის, რომ იმუნიზაციის კამპანია ჩაეტარებინათ. საქართველოშიც, გასული საუკუნის 90-იან წლებში, მე თავად ვარ მოწმე, როდესაც დაპირისპირების ხაზზე ვაქცინები გადაგვქონდა და ორივე მხარე ამის საშუალებას გვაძლევდა. დღეს გამოჩნდა ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ იმ ქვეყნიდან არის, სადაც აცრების საკითხი ყოველთვის იყო პოლიტიკური ძიძგილაობის საკითხი და მისი მაღალ თანამდებობებზე მუშაობის დროს უკრაინაში, იმუნიზაციის პროგრამა ჩააგდეს. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ საკითხებში ყოველთვის თავშეკავებულები არიან და მასმედიას ვთხოვო, მაქსიმალურად შეიკავონ თავი, მსგავსი განცხადებების ტირაჟირებისგან, რასაც საკითხში აბსოლუტურად გაურკვეველი ადამიანები აკეთებენ”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

​მისივე ინფორმაციით, საქართველოში ორ წლამდე ასაკის ბავშვების 95 % აცრილია, 5 წლის ასაკში, როცა რევაქცინაციები უნდა ჩატარდეს, აუირელი ბავშვების რაოდენობა 50 % -ით იკლებს.

პაატა იმნაძის თქმით, პრობლემა არის ის, რომ მშობლების უმრავლესობა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ აცნობიერებს, რომ ბავშვები თუ იქნებიან აცრილები, ქვეყანაში აღარ იქნება დაავადებები.

“გეგმიური აცრებით გამოწვეული არასასურველი გვერდითი მოვლენები​ სკურპულოზურად აღირიცხება, ასეთი არსებობის შემთხვევაში მშობლებმა უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. საქართველოს ეროვნულ კალენდარში არსებული ყველა ვაქცინა არის უმაღლესი ხარისხის, რაც კი შეიძლება იყოს მსოფლიოში და ყველა მათგანს აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. მათი უმრავლესობა გამოიყენება ევროკავშირის ქვეყნებში”, – განაცხადა პაატა იმნაძემ “მთავარში“.

მსგავსი თემები