სამებაში მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის ტრადიციული რიტუალი შესრულდა. გარდამოხსნა საკურთხევლიდან მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად გამოაბრძანა. შესრულდა საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს.

როგორც მეუფე შიომ ბრძანა, ყველა ადამიანი უნდა ეცადოს, საკუთარი თავი იპოვოს.

„ქრისტესმიერ საყვარელო მორწმუნენო, დღეს ჩვენ, კიდევ ერთხელ ჩვენს ცხოვრებაში, ვდგავართ უფალი იესო ქრისტეს ცხოველმყოფელ წიაღში და მე ვფიქრობ მისი ჯვარცმის, მისი ბრწყინვალე აღდგომის საიდუმლოს შესახებ, თუ რაოდენ მიუწვდომელია ის ადამიანის გულისთვის. მაგრამ, ამავე დროს, საკმაოდ ბევრი მოგვეცა ჩვენ იმისთვის, რომ ჩავწვდეთ და შევიმეცნოთ ეს საიდუმლოება. უფალმა იესო ქრისტემ, როგორც ღმერთკაცმა, მოგვცა ჩვენ დიდებული და ამაღლებული სწავლება. მაგრამ ის არ მოსულა მარტო იმისთვის, რომ სწავლება დაგვიტოვოს; ​თუმცა ეს სწავლებაც ღვთაებრივია და ვხედავთ ჩვენ, რომ შეუძლებელია ადამიანის მიერ ყოფილიყო მოფიქრებული და მოაზრებული ეს სწავლება. მაგრამ უფალმა იესო ქრისტემ სწავლებასთან ერთად დაგვიტოვა ძალა და მადლი, რომ ეს სწავლება აღვასრულოთ“ – ბრძანა მეუფემ.

მიტროპოლიტის ქადაგებით, არ არის ცოდვა, რომელსაც ვერ განწმენდს ღმერთის სიყვარული და კაცთმოყვარება და რომელსაც ვერ განწმენდს უფლის სხვადასხვაფერი სისხლი.

„ღმერთმა მოგვცეს ასეთი სინანული. ამ განწყობით ვიდგეთ დღეს უფლის საფლავის წინაშე. სულ საათები გვაშორებს ჩვენ ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულს და დავფიქრდეთ ჩვენს თავზე, ვეცადოთ ვიპოვოთ ჩვენი თავი დღეს აი, ამ საათების განმავლობაში, იმისთვის, რომ, როდესაც გადაგორდება ლოდი და როდესაც ეხმარება მთელს სამყაროს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა, ჩვენც გავხდეთ თანაზიარნი იმ ძალისა და მადლისა, რომელიც მოიტანა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომამ და რომელზეც არის დაფუძნებული ჩვენი ყველაზე ნათელი იმედები და სასოება, როგორც მოგახსენეთ, როგორც ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში, ასევე მარადისობაში. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი“, – ბრძანა მეუფემ.

მსგავსი თემები