თბილისის მერი მხარს უჭერს კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას

თბილისის მერი კახა კალაძე, მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას და “კანაფის კულტივაციის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას.
​მისი აზრით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორი, მგრძნობიარე საკითხები, საზოგადოების ინფორმირებისა და ფართო დისკუსიის საფუძველზე უნდა მიიღებოდეს.

როგორც კახა კალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ნებისმიერ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა კანონპროექტის გარშემო პოლიტიკოსების, სპეციალისტებისა და საზოგადოების მსჯელობა და დებატები, თუნდაც მწვავე პოლემიკა, პოლიტიკური სუბიექტების მიერ არგუმენტირებული აზრის გამოხატვა და ელექტორატის ინტერესების დაცვა.

თუმცა, მისივე თქმით, რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ხდება, არ არის ჯანსაღი მოვლენა – არ შეიძლება “არგუმენტი” იყოს ლანძღვა და შეურაცხყოფა, არ შეიძლება ყველაფრით სპეკულირება და არჩევნებში შედეგის მისაღწევად ყველაფრის კადრება. არ შეიძლება მოსახლეობაში დუღილის ტემპერატურის ხელოვნურად მატება და შემდეგ, ჭორებითა და დეზინფორმაციით ამის მართვა.

​” ეს ქვეყანა პირადი თუ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების მიღმა უნდა აღვიქვათ. ამ ქვეყანას უნდა ქონდეს ისეთი მომავალი, სადაც პროცესებს არ მართავს სიძულვილი და უპასუხისმგებლობა. მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას. აშკარად გამოჩნდა, რომ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის ინფორმაციისა და დისკუსიის დეფიციტი. ნებისმიერი გადაწყვეტილება, მით უმეტეს გადაწყვეტილება, რომელიც ესოდენ მგრძნობიარე საკითხს ეხება, უსათუოდ საზოგადოების ინფორმირებისა და ფართო დისკუსიის საფუძველზეა მისაღები. ჩვენ უნდა შევძლოთ ჯანსაღი დისკუსიის წარმართვა და თავიდან ავიცილოთ ამ დისკუსიის ვიწრო პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება”, – წერს კახა კალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი თემები