„ვაქცინირებული ადამიანების წახალისება აუცილებელი, კარგი და აპრობირებული მეთოდია“, – ივანე ჩხაიძე

საქართველო ვაქცინირებული ადამიანების წახალისებაზე მუშაობს. კონკრეტულად, რა იქნება წახალისების ფორმა, ამ ეტაპისთვის დაზუსტებული არ არის, თუმცა, ვიცით ის, რომ ქვეყანაში არსებული შეზღუდვები ვაქცინირებულებს არ შეეხებათ.  

„ევროპა მწვანე პასპორტებზე ლაპარაკობს, რომელთა შემთხვევაშიც, ვაქცინირებულ ადამიანს უფლება ექნება, შეზღუდვის გარეშე გადაადგილდეს, შეუზღუდავად განახორციელოს ნებისმიერი აქტიურობა“, – ამის შესახებ, „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

პედიატრის შეფასებით, ჩვენთან, სრულად იმუნიზირებული ადამიანების რაოდენობა ბევრი არ არის, თუმცა ადამიანების წახალისება აუცილებელია.

„ჩვენ არ შეგვიძლია დასჯა, შეზღუდვა. ერთადერთი მექანიზმი, ეს არის წახალისება და ვფიქრობ, რაც უფრო მეტი იქნება დასაშვები აქტიურობების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება განახორციელოს სრულად იმუნიზირებულმა ადამიანმა, მით უფრო კარგია. მეტი სტიმული იქნება. ეს საკითხი, ჩვენთანაც განიხილება და აუცილებლად ამოქმედდება. ეს ერთ-ერთი მოტივაცია იქნება ადამიანისთვის, შეუფერხებლად მიიღოს ნებისმიერი სერვისი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები