ოპოზიციამ პარლამენტში ამნისტიის შესახებ საკუთარი კანონპროექტი დაარეგისტრირა

ოპოზიციის სახელით, დეპუტატმა  შალვა შავგულიძემ საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა. როგორც შავგულიძემ განმარტა, მმართველ გუნდთან პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა.

„ძალიან დიდი მცდელობა გვქონდა, რომ მოხერხებულიყო ხელისუფლებასთან შეჯერება და ერთი კანონპროექტი შესულიყო, მაგრამ, ვერ შევაჯერეთ პოზიციები. ჩვენი კანონპროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას და მის მოთხოვნებს. იქ აღნიშნულია, რომ 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ამნისტირება ყველა დარღვევისა და დაკავების, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი წლის განმავლობაში, 2019 წლის ივნისიდან დღემდე რა დარღვევებსაც იძიებდა სახელმწიფო, უკვე არსებული, წარდგენილი ბრალდებები, დაკავებები, დარღვევები, ყველა უნდა მოყვეს. ანუ, ჩვენი კანონპროექტი შეეხება არსებულ ბრალდებებს“ – განმარტა შავგულიძემ მედიასთან.  

მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის კანონპროექტი გაუმართლებელია.

„მათი კანონპროექტი შეეხება არა კონკრეტულ ნორმებს, რომლებითაც დევნა მიმდინარეობდა ამ ორი წლის განმავლობაში,  არამედ, ჰიპოტეტურად ამ მოვლენებთან დაკავშირებულ უკვე არსებულ ბრალდებებს, ასევე ჰოპოტეტურად მომავალში შესაძლო ყველა ბრალდებას, რაც მიგვაჩნია, რომ არის ძალიან გაუმართლებელი. ასეთ შემთხვევაში, ამნისტია არის არაგანჭვრეტადი და ფაქტობრივად, ხელისუფლებას რჩება შეუზღუდავი უფლებამოსილება, რა ქმედებებზე გაავრცელებს მომავალში და რაზე – არა. ეს არ მიგვაჩნია სამართლიანად“ – აცხადებს შალვა შავგულიძე.

მსგავსი თემები