„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თვალები არავისთვის დაუთხრია და არც იარაღი ჰქონია“ – ადვოკატი 20 ივნისის საქმის შეწყალებაზე

20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული სპეცრაზმელის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბარში აცხადებს, რომ ამნისტიის აქტი მისი დაცვის ქვეშ მყოფს უნდა შეეხოს. როგოც ანა კოტეტიშვილმა გვითხრა, სპეცრაზმელ ლევან იმერლიშვილს არც იარაღი ჰქონია და არც თვალების დაუთხრია ვინმესთვის.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებას არ მოჰყოლია სხეულის მძიმე დაზიანება. ამავდროულად, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა დანაშაული და მისცა ჩვენება, რაც შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევა. მასთან დაკავშირებით საქმე გვაქვს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. შესაბამისად, მას უნდა შეეხოს ამნისტიის აქტი. ის ოდნავ შეეხო პიროვნებას, არავისთვის თვალები არ დაუთხრია და არც იარაღი სჭერია“ – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის კანონპროექტი დარეგისტრირდება. კანონპროექტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დაკავებულს შეეხება, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს.

მსგავსი თემები