“ვთხოვ საპატრიარქოს, ვიდრე არ იქნება სისხლისღვრა, სტეფანე მოაშოროს ჭყონდიდის ეპარქიას” – მამა ანანია კალანდია

დიდი ჭყონის პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, მამა ანანია კალანდია სალხინოში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ეზოში მივიდა. იგი საკუთარ თავს დაზარალებულს უწოდებს და აცხადებს, რომ დღეს ეკლესიის ეზოში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

„ადგილზე იმიტომ მივედი, რომ მეთხოვა კიდევ ერთხელ მეუფისთვის, ტერიტორია დაეტოვებინა კეკუტიას, კრიმინალად წოდებულ ბანდის უფროსს. კეკუტიას, რომელმაც უკვე მესამედ გამომიწვია და სიკვდილამდე მიმიყვანა. ვთხოვ მთლიანად საპატრიარქოს, ვიდრე არ იქნება სისხლისღვრა, სტეფანე მოაშოროს ჭყონდიდის ეპარქიას.

იმ მომენტში, როცა ხელი დამარტყეს, თავის არეში მივიღე ტრავმა. შეიძლება, გადამიყვანონ ქუთაისში. ცუდად ვგრძნობ თავს, გამოვედი პოლიციიდან რომ მივიღო წამლები“, – განაცხადა მამა ანანია კალანდიამ.

სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დღეს  ხმაური იყო, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიის ეზოში რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. ბიზნესმენის გამოჩენას გაღიზიანება მოჰყვა სასულიერო პირების მხრიდან, რომლებსაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა.

მსგავსი თემები