“ხომ ხედავთ, რაც ხდება ინდოეთში, სწრაფი გავრცელებაა…” – ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის ორმაგი მუტაცია და ვირუსის სრულიად ახალი ფორმა, რომელიც მსოფლიოსთვის, ამ ეტაპზე, მთავარ საფრთხედ სახელდება. ინდური შტამი – ეს არის დღეს ნომერ პირველი გამოწვევა ექიმებისა და იმ ლაბორატორიებისთვის, რომლებიც ვაქცინებზე მუშაობენ.

4 დღეში 1 მილიონი ინფიცირებული მხოლოდ ინდოეთში, ინდური შტამი რეკორდული სისწრაფით ვრცელდება. ის უკვე დაფიქსირდა 6 ქვეყანაში. მეცნიერები ახლა იკვლევენ, როგორ მუშაობს ვაქცინები კოვიდ 19-ის ახალ, სახეცვლილ ფორმებზე.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი განმარტავს, რომ ინდური შტამი არის აქამდე ცნობილი სამი შტამის – ბრიტანულის, სამხრეთ აფრიკულისა და ბრაზილიურის.

“სამივე ცვლილება, რაც იმ შტამებში იყო, აქ ერთდროულად მოხდა. ამან შესაძლოა გამოიწვიოს რეინფიცირების გაზრდა,” – ამბობს ზაზა წერეთელი.

მისი თქმით, ინდოეთში ახლა ძალიან მძიმე სიტუაციაა, სადაც კლინიკური სექტორის სრული კოლაფსი მოხდა – კოვიდინფიცირებულები მხოლოდ იმიტომ დაიღუპნენ, რომ კლინიკებს ჟანგბადის მარაგები გაუთავდათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ გარდა ბრიტანულისა, რომელიც ახლა ცირკულირებს ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა, სხვა შტამებიც გამოჩნდეს.

“ალბათობა იმის, რომ სხვა შტამებიც გაჩნდეს და შემოვიდეს ქვეყანაში, დიდია. ინდოეთში ხომ ხედავთ, რაც ხდება, ძალიან სწრაფი გავრცელებაა. ამიტომ, ვცდილობთ, რომ ამ შტამის ქვეყანა შემოსვლა გადავადდეს და პრევენცია გაკეთდეს,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მსგავსი თემები