ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულებს – გიორგი ბიჩელაშვილსა და დიმიტრი დევდარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო.

აღნიშნულით მან ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

მოსამართლის განცხადებით, მას „ნადვილად არ ეგონა, რომ მსგავსი ფაქტი ქართულ ჯარში შეიძლებოდა მომხდარიყო“. ხორავას განმარტებითვე, ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე, სხვა საფრთხეებიც არსებობს, რის გამოც, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

მოსამართლის თქმით, როგორ უნდა მოთხოვო ჯარისკაცს სამშობლოს დაცვა, რომელიც მთელი ღამე თვითმკვლელობაზე ფიქრობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების – გიორგი ბიჩელაშვილისა და დიმიტრი დევდარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, დიმიტრი დევდარიანის ადვოკატი მისი 5 000-ლარიანი გირაოს, გიორგი ბიჩელაშვილის ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

მსგავსი თემები