“როცა ვამბობთ საყოველთაო ამნისტიას, ეს უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე” – ირაკლი ქადაგიშვილი

  •  

როცა ვამბობთ საყოველთაო ამნისტიას, ეს ამნისტია უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, შეთანხმებაში ნათლად წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა ასპექტსა და სუბიექტს.

„აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამნისტია უნდა იყოს საყოველთაო. მესმის, რომ გარკვეული ნაწილი შფოთავს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას შეეხოს და ვიღაცას არა, მაგრამ ამ მოვლენის გარშემო საყოველთაო ამნისტია უნდა შეეხოს ყველას.

ამ საქმესთან დაკავშირებით, ყველა ფიგურანტი ურთიერთკავშირშია – პოლიციელის მხრიდან არ იქნებოდა გადამეტება, რომ არ ყოფილიყო მომიტინგის მხრიდანაც გადამეტება. ასე რომ, ერთი მეორესთან კავშირშია. როცა ვამბობთ საყოველთაო ამნისტიას, ეს ამნისტია უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე. რაც შეეხება შეხვედრას, არავისთან არ გავურბივართ. ჩვენ თუ ვეძებთ მიზეზებს იმისას, რომ საქართველოში ევროკავშირის ეგიდით მომხდარი შეთანხმების ხელშეკრულება და ქვეყნის კრიზისში არ შესვლის გეგმა რამენაირად ჩავაგდოთ, მაშინ რა თქმა უნდა, 1001 მიზეზის მოგონება ყოველთვის შეგვიძლია. თუ ჩვენი მიზანია, რომ წინ გავიხედოთ და წინ ვიაროთ და ისეთი შემთხვევები, როგორიც ჩვენ 20 ივნისის გარშემო გვქონდა, მინიმუმამდე დავიყვანოთ და ქვეყანას განვითარების პერსპექტივა მივცეთ, ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ ის ხვალინდელი დღე, რაც ამ შეთანხმებით საქართველოს ეძლევა. ჩვენ როცა გვექნება შეხვედრა, ყველა დეტალზე ამ ადამიანებთან, ვინც შეხვედრაზე მოვა, ვისაუბრებთ. არსებობს შეთანხმების ტექსტი, ტექსტი არის დაბეჭდილი და საჯარო. ამიტომ შეგვიძლია ამ ტექსტის წაკითხვა. 8 მარტის შეთანხმების ტექსტიც არსებობს. მაგრამ ჩვენ პარადოქსული ცხოვრება გვაქვს ხოლმე, როცა ტექსტი არის და ტექსტში რაც არ წერია, ვკითხულობთ იმას. არის ერთი რაც წერია და რაზეც ხელია მოწერილი და არის მეორე რასაც ამბობენ.

ჩემი პიროვნული დამოკიდებულება თავიდანვე იყო, რომ ყველა საკითხზე სასამართლო პროცესი შემდგარიყო. ეს სასამართლო პროცესი რომ ბოლომდე მივიდეს, პოლიციელი თავისას მიიღებს, ნიკა მელია კიდევ თავისას. ამიტომ სასამართლო თუ არ შეიძლება ნიკა მელიაზე შედგეს, მაშინ სასამართლო არ უნდა შედგეს არავისზე, ეს არის ამნისტიის სულისკვეთება. აქედან გამომდინარე, ნუ დავიწყებთ სპეკულაციას და კიდევ ერთხელ მცდელობას, რომ იმ ძალებს, ვისაც კრიზისის გაგრძელება სურს, მათ წისქვილზე წყალი დავასხათ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები