ამნისტიის კანონს პარლამენტი დაყოვნების გარეშე მიიღებს

„ამნისტიის კანონი მიიღება ზუსტად იმ პირობებით, რომელიც შეთანხმებაში წერია“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და კანონპროექტის ინიცირებას 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში აანონსებს.

„შეთანხმების გაფორმების მომენტიდან, მედიაში გაჩნდა სპეკულაციები პრეზიდენტ მიშელის ეგიდით შექმნილი და უკვე ხელმოწერილი დოკუმენტის პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს შეეხება. გვსურს ამაზე ერთმნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას: არაუგვიანეს 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიღებაც მოხდება დაყოვნების გარეშე. პროექტი მომზადდება ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად. საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, რიგგარეშე სხდომაც მოიწვიოს, რათა ამნისტიის კანონი პარლამენტმა უმოკლეს შესაძლო ვადებში მიიღოს. ამნისტიის კანონი მიიღება ზუსტად იმ პირობებით, რომელიც ჩაწერილია შეთანხმებაში – „ქართულ ოცნებას“ არავითარი სუბიექტური ინტერესი აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არ გააჩნია“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

არჩილ თალაკვაძე ყველას მოუწოდებს, სპეკულაციებისგან თავი შეიკავოს.

„მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სპეკულაციისგან, მით უმეტეს, თუ არ წარმოადგენს მოლაპარაკებებში ჩართულ და ხელმომწერ მხარეს. ამგვარი სპეკულაციები შესაძლოა ემსახურებოდეს ერთ შემთხვევაში შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიების დისკრედიტაციას, ხოლო მეორეს მხრივ, მიზნად ისახავდეს მისი განხორციელების პროცესის შეფერხებას“ – განმარტავს არჩილ თალაკვაძე.  

მსგავსი თემები