“უკვე აღარც ვითვლით იმდენია ბრიტანული შტამის შემთხვევა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარკვეული საფრთხე, რომ კორონაგადატანილ ადამიანებს ახლა ვირუსი უკვე „ბრიტანული შტამით“ შეხვდეს, არსებობს.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში 80%-მდე შემთხვევებში სწორედ „ბრიტანული შტამი“ ცირკულირებს.

„გიდასტურებთ, გარკვეული საფრთხე არის, მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც თუ შარშან ამ დროს რეინფიცირების ერთეული შემთხვევები იყო, ახლა რეინფიცირების შემთხვევების ალბათობა ამან შესაძლოა გაზარდოს და არა მხოლოდ ბრიტანული, არამედ, ე.წ. ორმაგი შტამი ინდოეთის, სამხრეთ ამერიკული და ბრაზილიური შტამებიც. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, გარდა ბრიტანულისა, ეს შტამები ჩვენთან არ არის. დღეს ქვეყანაში ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს. უკვე აღარც ვითვლით იმდენია ბრიტანული შტამის შემთხვევა. ლაბორატორიულად დადასტურებული 100-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა, ისე, სხვადასხვა პროგნოზირებით, 70-80% შემთხვევებში „ბრიტანული შტამი“ ცირკულირებს ქვეყანაში, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები