ცნობილი მეცნიერი შოთა ვაშაკიძე ემიგრაციაში გარდაიცვალა

ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი შოთა ვაშაკიძე, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მას შაბათს აშშ-ში დაკრძალავენ. ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია თანაგრძნობას უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს და მთელს ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას.

როგორც საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, უამრავი საზოგადოებრივი და სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად, შოთა ვაშაკიძემ მიზნად დაისახა აშშ – ში ქართული ემიგრაციის მასალების მოძიება, ერთად თავმოყრა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ განძის დაბინავება. ყოველივე ეს მან თავისი ხარჯებით შეძლო. 3 ტონამდე კოლექციის შეგროვება მან 1985 წლიდან დაიწყო და დღემდე ყველაზე დიდი რაოდენობით დოკუმენტის შემცველია ემიგრაციის საარქივო ფონდში დაცულ კოლექციებს შორის. მეგობრობდა ემიგრაციის საუკეთესო წარმომადგენლებთან.

შოთა ვაშაკიძემ 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და  სწავლა განაგრძო ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში(დუბნა, რუსეთის ფედერაცია).
1975-1992 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, 1991-1992 წლებში თეორიული ფიზიკის კათედრაზე, 1985-1986 და 1988-1989 წლებში-მერილენდის უნივერსიტეტში(აშშ), 1989-1990 წლებში იყო ფრასკატის(იტალია) ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მიწვეული პროფესორი.

1993 წლიდან ატარებდა სამეცნიერო კვლევებს აშშ-ის წამყვან კვლევით ლაბორატორიებსა და უნივერსიტეტებში გამოყენებითი მათემატიკისა და ფიზიკის მიმართულებით. პარალელურად ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას.

შოთა ვაშაკიძემ ქართველ ლინგვისტებთან და პროგრამისტებთან ერთად შექმნა ინგლისურ-ქართული ინტერნეტ-ლექსიკონი, ჩაატარა განათლების, მეცნიერებისა და მედიცინის საერთაშორისო ფორუმი(თსუ, 2004). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი. იყო ამერიკაში საქართველოს ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, განათლების გამგეობის დირექტორი, აშშ-ის ქართველთა სათვისტომოს საერთაშორისო ასოციაცია “კვალის” დამაარსებელი და პრეზიდენტი, საქართველოს ამერიკელი მეგობრების საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

მსგავსი თემები