თბილისი-საგარეჯო-გურჯაანი-თელავის სარკინიგზო გზა შესაძლოა აღდგეს 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობაში მიმდინარეობს მსჯელობა  თბილისი-საგარეჯო-გურჯაანი-თელავის სარკინიგზო გზის აღდგენის პერსპექტივაზე. ასევე თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც თბილისიდან სამჯერ შეამცირებს საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობას თუშეთის მიმართულებით და ახალ სიცოცხლეს შემატებს პანკისის ხეობას.
როგორც პრემიერ-მინისტრმა თელავში, პარტია „ქართული ოცნების” საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, კახეთის რეგიონი მალე, წელიწადის ოთხივე დროს შეძლებს უმასპინძლოს ტურისტებს, რადგან რეგიონში ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის დაგეგმილია ათეულობით პატარა კერძო შატოს და მარნის, მცირე ჰოსტელებისა და სასტუმროების მშენებლობა. ასევე, განიხილება კახეთში აეროპორტის მშენებლობის შესაძლებლობა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ უპრეცედენტოდ მზარდ ტურისტულ ნაკადს რეგიონში. თუშეთის განვითარება, ზამთრის ტურისტული პროექტების დაგეგმვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში.
“უნდა განვაგრძოთ მუშაობა იმისთვის, რომ მივაღწიოთ აღმოსავლეთ ევროპის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცხოვრების დონეს. იმ სტაბილურობით, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა, იმ ეკონომიკური ზრდის ტემპით, რომელიც შარშან დაფიქსირდა და წელს შესაძლოა უფრო მეტიც იყოს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი გუშინ თელავში იმყოფებოდა და პარტიის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე შეკრებილ მოქალაქეებს იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც კახეთის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.

მსგავსი თემები