პარლამენტის 5 კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიცია უნდა იყოს – რა წერია შარლ მიშელის დოკუმენტში?!

ე.წ. პოლიტიკური პატიმრების ერთ კვირაში გათავისუფლების საკითხის გარდა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ე.წ. მორიგების დოკუმენტი საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების საკითხსაც ეხება.

კერძოდ, ფასილიტატორი მხარე, მმართველ გუნდს სთავაზობს, 5 კომიტეტის თავმჯდომარის სავარძელი ოპოზიციას დაუთმოს.   

დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციის დეპუტატებმა პარლამენტში 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა უნდა შეითავსონ. აქედან 2 კომიტეტი უნდა აირჩიონ შემდეგიდან: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერთობების კომიტეტი.

ასევე, დოკუმენტში წერია, რომ ოპოზიციის დეპუტატებმა პოზიცია საპარლამენტო დელეგაციებშიც უნდა დაიკავონ. კერძოდ,  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი და ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

შეგახსენებთ, რომ  მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი დღეს განახლდა და მათ ხელმოსაწერად ახალი დოკუმენტი გადასცეს. მხარეებმა მის გასაცნობად დრო ითხოვეს. ოპოზიცია მზადაა, დოკუმენტს ხელი მოაწეროს.  

მსგავსი თემები