მძევლებს ბანკის კარი ჩააკეტინა და იარაღის მუქარით შსს-ში თანხის მოთხოვნით დაარეკინა – ბანკზე თავდამსხმელს ბრალი წაუყენეს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ  „საქართველოს ბანკში“ შეჭრისა და მძევლების აყვანისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი წარუდგინა.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩაკეტა და იარაღის მუქარით დაემუქრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისში, ნ.წ. -მ  ხმოვანი პისტოლეტით,  სს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ექსპრეს სერვის ცენტრში, მძევლად ხელში ჩაიგდო აღნიშნული სერვისცენტრის ოთხი თანამშრომელი, სერვისცენტრის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრატორი და საოპერაციო დარბაზში მყოფი სერვისის მომხმარებელი.  ნ.წ.-მ იარაღის გამოყენების მუქარით, ბანკში მყოფ პირებს  შესასვლელი კარი ჩააკეტინა და მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდა.  შემდეგ კი იარაღის გამოყენების მუქარით, იძულებით ერთ-ერთ თანამშრომელს   შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ცხელ ხაზზე  დაარეკინა და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ  გარკვეული პირობები დააყენა.
სამართალდამცველებმა ნ.წ. 16 აპრილს დააკავეს“ – აცხადებენ პროკურატურაში.

დაკავებულს ბრალად წარედგინა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) გათვალისიწინებული დანაშაული, რაც  სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვს და აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.

მსგავსი თემები