„არა ნამახვანჰესს“ – მთავრობის კანცელარიასთან 24 საათიანი აქციები დაიწყო

“რიონის ხეობის მცველების” მხარდასაჭერად,  ლოზუნგით „არა ნამახვანჰესს“ მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იმართება.  როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღევანდელი აქცია არ შეწყდება, ის 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება და ღამე კანცელარიასთან დარჩებიან.

აქციის მონაწილეები „რიონის ხეობის მცველებს“ სოლიდარობას უცხადებენ და მათი  მიზანია, მთავრობას ახლოდან გააგონონ საზოგადოების მოთხოვნები. მათი სურვილია, ადგილზე, ღამის გასათევად კარავიც კი გაშალონ.

„თუ პოლიცია კარვებს გაგვაშლევინებს, ძალიან კარგი, თუმცა მეეჭვება. თუ არ გაგვაშლევინებს, ისე ვიქნებით. დღეს აქ დაახლოებით 20-30 ადამიანი დავრჩებით. ხვალ და ზეგ უფრო მეტნი ვიქნებით. ჩვენ ვართ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რომლებსაც გვაქვს არგუმენტები. „ნამახვანის“ ხელშეკრულება არის კაბალური და ანტისახელმწიფოებრივი“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მათივე თქმით, დაშლას არ აპირებენ: „ჩვენი აქ ყოფნის მიზანია სოლიდარობის გამოცხადება “რიონის ხეობის მცველების” მიმართ. რამდენიმე თვეა ეს ადამიანები პროტესტს აცხადებენ, მაგრამ სახელმწიფო ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა. ამიტომ, ჩვენ მათ დავეხმარებით, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ“.

მსგავსი თემები