მარიხუანას მოხმარებაზე 21 წლამდე ასაკის პირის დაყოლიება დასჯადი იქნება  

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა დღეს, პირველი მოსმენით განიხილეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, მოხმარების ან/და ზემოქმედების ქვეშ ყოფნის საკითხებს ახლებურად არეგულირებს და საჯარიმო სანქციებს აწესებს.

სხდომის მონაწილეებს წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი პრინციპები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გააცნო.

​მისი ინფორმაციით, აკრძალვა ეხება ნარკოტიკების მოხმარებისგან მოზარდების დაცვას. კერძოდ, იკრძალება მისი მოხმარება 21 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირის მიერ, ასევე, დასჯადი ხდება მარიხუანას მოხმარებაზე 21 წლამდე ასაკის პირის დაყოლიება. გამკაცრდება პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პოპულარიზაციისა ან რეკლამირებისთვის. ახალი მუხლი ემატება სისხლის სამართლის კოდექსს და დასჯადი ხდება ავტომობილის და სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. ცალკე მუხლად არის გამოყოფილი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მარიხუანას მოხმარების ზემოქმედების ქვეშ პირის ან სახელმწიფო მოხელის მიმართ სანქცია.

შემოთავაზებულია მცენარე კანაფის ან მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების რეგულაცია და პასუხისმგებლობა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნისთვის. ამ პროექტით, ასევე, შემოთავაზებულია აკრძალვა მარიხუანას მოხმარებაზე ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

საკანონმდებლო პაკეტით ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში.

მსგავსი თემები