ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების წარმოება კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს – დეკანოზი

დეკანოზი დავით ლასურაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, სანამ პარლამენტში უმრავლესობით არის წარმოდგენილი, განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილება და საქართველოს კონსტიტუციაში, ან მის ქვემდებარე აქტებში ჩაიწეროს, რომ „საქართველოში არც ერთი სახის ნარკოტიკული საშუალება არ არის დეკრიმინალიზებული და ლეგალიზებული. ასევე, იკრძალება ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების კულტივაცია-წარმოება”.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს, საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვას, რომელიც ითვალისწინებს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების საკანონმდებლო დონეზე იმპლემენტაციას, სასულიერო პირებიც დაესწრნენ.

საკუთარი მოსაზრება დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა პარლამენტარებს სხდომის მიმდინარეობისას გააცნო.

„ჩვენც შეგვიძლია რაღაც შემოგთავაზოთ. გამოსავალს ყველა ვეძებთ, ჩვენც ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები ვართ. პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა გვყავს, თქვენ ახლა თუ შეცვლით რამეს, თორემ როგორი აგებულების იქნება შემდეგი პარლამენტები და როგორ იქნება კვოტები განაწილებული, არ ვიცი. ახლა შეიძლება ამის გაკეთება, რომ ჩაიწეროს, გნებავთ კონსტიტუციაში, გნებავთ მის ქვემდებარე აქტებში, თუნდაც ასეთი რამ, რომ „საქართველოში არც ერთი სახის ნარკოტიკული საშუალება არ არის დეკრიმინალიზებული და ლეგალიზებული. ასევე იკრძალება ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების კულტივაცია-წარმოება“, – განაცხადა დეკანოზმა.

მისი თქმით, “თავისუფალი განვითარების” განმარტებას უნდა ჩამოშორდეს თვითგანადგურებისა და დეგრადაციის შინაარსი.

სასულიერო პირის აზრით, მოსამართლეს არ აქვს კონსტიტუციაში არსებული მუხლების საკუთარი გემოვნებით ინტერპრეტირების უფლება.

„ვინ მისცა მოსამართლეს უფლება ამ მუხლის „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების განვითარების უფლება“ თავისი ნებით, თავისი გონებრივი რესურსით ინტერპრეტირება მოახდინოს, თუ რა ითვლება განვითარებაში. ვხედავ რა გონებრივი რესურსიც აქვთ“ – განაცხადა დეკანოზმა კომიტეტის სხდომაზე.​

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად: მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; მისი მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა  დაჯარიმდება 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით;

21 წლამდე ასაკის პირი, რომელიც მოიხმარს კანაფის ან მარიხუანას, დაჯარიმდება 500-დან  1000 ლარამდე ოდენობის თანხით. ქმედების განმეორებით ჩადენა ითვალისწინებს 1000-დან 1500 ლარამდე ჯარიმას.

​იკრძალება კანაფის ან მარიხუანას მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. ასევე, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით, ქმედების განმეორებით ჩადენა – 1000 -დან 1500 ლარამდე ოდენობით;

გარდა ამისა, მცენარე კანაფის ან მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით, ქმედების განმეორებით ჩადენა – 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.

მსგავსი თემები