ევროკავშირი „გამშვები პუნქტების“ გახსნას და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას ევროკავშირის სახელით განცხადება გაკეთდა. განცხადებაში ევროკავშირი მიესალმება გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მისი შენარჩუნების მნიშვნელობას.

ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ანგარიშგების კვლავ გაგრძელებას. განცხადებაში ევროკავშირი გამოთქვამს სინანულს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებების – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ შეუსრულებლობის გამო და მოითხოვს გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ შესრულებას.

ევროკავშირი გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონი რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან განაჩენს, რომელიც გამოტანილია სახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

განცხადებაში ევროკავშირი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშკარად იკვეთება, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთის ფედერაცია, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ეფექტურ კონტროლს ახორციელებს და არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებს.

ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონი ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის მუდმივი გაუარესების გამო.

 „შეზღუდული თავისუფალი გადაადგილება, მათ შორის ე.წ. გადასასვლელი პუნქტების უპრეცედენტოდ გახანგრძლივებული ჩაკეტვა, უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს COVID-19 პანდემია“ – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი მოითხოვს, ე.წ. გამშვები პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნას, ასევე ყველა უკანონოდ დაკავებულის, მათ შორის, საქართველოს მაქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას. ევროკავშირი განცხადებაში აღნიშნავს, რომ 7 აპრილს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. ევროკავშირი გმობს საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.

განცხადებაში ხაზგასმულია ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლებასთან, ბინადრობის, სამუშაოსა და საკუთრების უფლებებთან, მშობლიურ ენაზე განათლების უფლებასა და მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რაც კიდევ უფრო გამწვავდა COVID-19 პანდემიის გამო.

განცხადებაში ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მაცხოვრებლებმა მიიღონ უფასო ჯანდაცვა, ჰქონდეთ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, და სხვა სოციალური სარგებელი. განცხადებაში, ასევე, ხაზგასმულია უსაფრთხოების კუთხით არსებული სერიოზული გამოწვევები. განსაკუთრებული შეშფოთება არის გამოხატული ჩორჩანა-წნელისის მხარეში არსებული ვითარების გამო.

ამ კონტექსტში, ევროკავშირი გმობს და მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი – მავთულხლართების, ხელოვნური ბარიერების და სათვალთვალო აღჭურვილობის დამონტაჟება და განახლება.

ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დამრღვევთა დაუსჯელობის გამოდა ხაზს უსვამს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების სათანადო გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას.

 ამასთანავე, ევროკავშირი წუხს, რომ არ იქნა მიღწეული პროგრესი იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების კუთხით. ევროკავშირი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროექტებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს და ამ მხრივ, ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ევროკავშირი ხაზს უსვამს, ყოველგვარი შეფერხებისა და წინაპირობების გარეშე, გალის IPRM-ის რეგულარული შეხვედრების აღდგენის მნიშვნელობას. განცხადებაში ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უპირობოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

მსგავსი თემები