“გუმათში ჩამოვედით, როგორც ქართველები” – ირაკლი შიხიაშვილი

გუმათში ჩამოვედით არა როგორც პოლიტიკური პარტია, რომელსაც ხალხის წინაშე კეკლუცობა უნდა, არამედ როგორც ქართველები, რომელთათვის უპირველესი და მთავარი სიტყვაა „ვემსახურები საქართველოს“ და „ვემსახურები ჩემს ერს“, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი შიხიაშვილმა სოფელ გუმათში განაცხადა, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას შეუერთდა.

„მინდა, დიდი პატივისცემა და თანადგომა გამოვხატო იმ ქართველების მიმართ, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა, ამ გაუსაძლის პირობებში ხეობას იცავენ მიტაცებებისგან. ჩვენ აქ ჩამოვედით არა როგორც პოლიტიკური პარტია, რომელსაც უნდა ხალხის წინაშე კეკლუცობა, არამედ როგორც ქართველები, რომელთათვის უპირველესი და მთავარი სიტყვაა „ვემსახურები საქართველოს“ და „ვემსახურები ჩემს ერს“.

მისი განცხადებით, ხელისუფლება საკუთარ ხალხს და მის მოთხოვნას ეწინააღმდეგება.

„დღეს აქ დგას ერი, ჩვენ არც მორალური და არც ადამიანური უფლება არ გვაქვს, არ ვიყოთ აქ და არ შევუერთდეთ, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს დაუწყო ხელკეტების ენით ლაპარაკი. აქ არ არის პოლიტიკური ამბიციების გამო შეკრებილი ხალხი. როდესაც საკუთარ ხალხს და მის მოთხოვნას ეწინააღმდეგება ხელისუფლება, ვურჩევდი ხელისუფლებას, ნებისმიერი ქვეყნის ისტორიის წიგნი წაიკითხოს, სადაც არც ერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია, რომელსაც ბრძოლა დაუწყია საკუთარ მოსახლეობასთან. დღეს ეს ემსგავსება იმას, რომ საკუთარ ერს ებრძვის ხელისუფლება, თავის ძალაუფლების წყაროს. ასე გააგრძელებს და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტად გამარგინალდება“, – აღნიშნა შიხიაშვილმა.

კითხვაზე, როგორ ჩაერთვება „ქართული მარში“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაში, შიხიაშვილის თქმით, მხარში დაუდგებიან აქციის მონაწილეებს ისე, რა ფორმითაც ისინი დგანან.

„აქ იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები და ვიქნებით როგორც რიგითი ქართველები. ძალიან ხშირად, ის ძალები, რომლებსაც არ სურთ კონსოლიდირებული ქართველი ერი, ხშირად ავრცელებენ, რომ შეიძლება, პროვოკატორები გამოჩნდნენ, ვიღაცამ ქვების სროლა დაიწყოს ან უაზრო დაპირისპირება. მე ჩემი პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით ვამბობ და აქვე ვაფიქსირებ, იგივე აზრი აქვს სანდრო ბრეგაძეს, პარტიის თავმჯდომარესაც. ჩვენ არანაირ ძალადობრივ აქციას არ შევუერთდებით, ჩვენ დავუდგებით ამ ადამიანებს მხარში ისე, როგორც დგანან და რა ფორმითაც იბრძვიან. გვაქვს ჩვენეული ხედვა, რომელსაც ვეცდებით, აქციის ხელმძღვანელებს გავუზიაროთ, მერე მათი გადასაწყვეტი იქნება, რას გაიზიარებენ და რას არა.

თურქულ კომპანიას კი არ ვებრძვი, ჩემს ქვეყანაში ხალხის დაუკითხავად მიწა-წყლის გასხვისებას ვებრძვი და გიგატური ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ეროვნულ მოძრაობაში ფეხი რომ შევდგი, მის მერე ვარ, რადგან ქვეყანა უნდა იყოს ენერგოდამოუკიდებელი, ქვეყანაში უნდა აშენდეს ბევრი ჰესი, მაგრამ არ უნდა აშენდეს ისეთიმ რომელიც სავალალო მდგომარეობაში მიიყვანს ჩემს ბიოგარემოს და აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს ქვეყანას. ამის წინააღმდეგი ვიქნები სულ“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

მსგავსი თემები