„100 წლით მიწის გადაცემა კომპანიისათვის იწვევს ძალიან ბევრ შეკითხვას“ – საპატრიარქო „ნამახვანჰესზე“

საპატრიარქო „ნამახვანჰესის“ საკითხზე მედიატორის ფუნქციას კისრულობს და მხარეებს მოუწოდებს, დიალოგი სამღვდელოების ჩართულობით გაიხსნას.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.

„ხელშეკრულების პირობები ცხადი არ არის მოსახლეობის უმრავლესობისათვის, ეს იწვევს დაძაბულობას. ჩვენ ბოლო დღეებში ვუყურებთ, რომ ესკალაცია ხდება, პოლარიზებული არის პოზიციები. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გაკეთებულიყო განცხადება. საპატრიარქო პირველად არ ერევა ამ საკითხში, ის დიალოგები, რომლებიც აქამდე შედგა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ჩვენი ჩარევის შედეგად მოხდა.

ისმის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, საპატრიარქო რატომ არ ერევა, სინამდვილეში, ვმუშაობთ ორივე მხარესთან იმისათვის, რომ არ მოხდეს რადიკალიზაცია და დარჩეს სივრცე დიალოგისთვის. არის გარკვეული კითხვები კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ მხარესთან დაკავშირებით და ყველას უნდა ესმოდეს, რომ საპატრიარქოს არ ყავს გეოლოგების ჯგუფი, არც ეკონომისტების ჯგუფი რომელიც საპატრიარქოში მოამზადებდა დასკვნას.

ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ მშვიდობისაკენ მოვუწოდოთ, კეთილგონიერება გამოიჩინონ ყველამ და დიალოგის სივრცე შექმნან, სადაც დაინტერესებულ მხარეს საშუალება ექნება, შეკითხვები დასვას, მიიღოს კომპეტენტური პასუხები და ამას ესწრებოდნენ პასუხისმგებელი პირები“, – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მისივე შეფასებით, კომპანიის მხრიდან, კონტრაქტის პირობების შესახებ ინფორმაცია  საზოგადოებისთვის მეტად გამჭვირვალე და გასაგები უნდა იყოს.

„მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენ შევიტყვეთ ძალიან გვიან, ამას მოყვა მეუფე სტეფანეს განცხადება, 100 წლით მიწის გადაცემა კომპანიისათვის იწვევს ძალიან ბევრ შეკითხვას. ამიტომ ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო დიდი მსჯელობა უნდა გამართულიყო, კონტრაქტში ასეთი პირობების ჩადებამდე. მოსახლეობას რომ ეს სცოდნოდა და არ ყოფილიყო სიურპრიზი.

კონტრაქტის პირობები გაცილებით უფრო დაწვრილებით უნდა იყოს განხილული და საზოგადოებისთვის ობიექტური და სწორი ინფორმაცია იყოს მიწოდებული. ამ მიზანს ისახავდა საპატრიარქოს განცხადება, მოხდეს მოლაპარაკებები და კომპეტენტური და პასუხისმგებელი ხალხი, თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული პროცესში. ჩვენ ვერ ვაფასებთ რეალურად ვერც ეკონომიურ მხარეს, ვერც კონტრაქტის სუსტ და ძლიერ მხარეებს, ამიტომ ვიქნებით, როგორც მედიატორი ამ პროცესში. ჰესის მშენებლობა ექვსი თვის ან ერთი წლის წინ დაწყებული ამბავია, ეს დიდი ხნის წინ დაწყებული პროცესია, დღეს ყველა შეკითხვაზე რადიკალური პასუხის მიღება ვრცელი ანალიზის გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი თემები