ადვოკატები ​სმიტების მკვლელობის საქმის გამოძიებაში მთავარი პროკურატურის ჩართვას ითხოვენ

ხადის ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის გამოძიებას თავს ვერ ართმევს მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა, რითაც  ზარალდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ადვოკატები მთავარ პროკურატურას მოუწოდებენ ჩაერთოს სმიტების მკვლელობის საქმის გამოძიებაში და “ეს საქმე მიგდებული ნუ აქვთ”.

​ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატები, ასევე, მოითხოვენ გამოიკითხონ ბრაიან და ლორა სმიტების ოჯახის წევრები და ახლობლები, რადგან შესაძლოა მათ პირადი მტერი ჰყოლოდათ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, კობაურის ადვოკატმა, ალქესანდრე კობაიძემ განაცხადა, სისხლის სამართლის აღნიშნულ საქმეში ბევრი უზუსტობებია და საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ზერელე დამოკიდებულება იგრძნობა. დაცვის მხარეს, მათ მიერ დასმულ არც ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე გამოძიებისგან პასუხი არ მიუღია.

​მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, დღესვე გააკეთოს განცხადება, რატომ არის ასეთი უზუსტობები საგამოძიებო მოქმედებები? რატომ არ არის კონკრეტულ კითხვებზე პასუხები გაცემული, რასაც დაცვის მხარე აყენებს?  მცხეთის რაიონის საგამოძიებო ორგანო თავს თუ ვერ ართმევს აღნიშნულ საქმეს, კეთილი ინებონ და თავად დაინტერესდეს მთავარი პროკურატურა. ნუ აქვს მიგდებული აღნიშნული საქმე, რადგან ამით ზარალდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ძალიან ბევრმა ამერიკელმა თავი შეიკავა საქართველოში ჩამოსვლაზე ასეთი შემზარავი ფაქტის გამო. ძალიან მალე უნდა იყოს გამოძიებული და არც ერთი უპასუხო კითხვა არ უნდა დარჩეს. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ვირცხვენთ თავს. ჯერ კიდევ არის დრო, რომ ობიექტურად გამოიძიონ საქმე. დიდი იმედი მაქვს, ჩვენს ნათქვამს მიიღებენ, როგორც გულისტკივილს. არ მინდა ვიფიქრო, რომ შეგნებულად ხუჭავენ თვალს”, – აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

მისივე თქმით, საგამოძიებო ორგანოს დაინტერესების შემთხვევაში ისინი თავად გაუკეთებენ ორგანიზებას იმას, თუ რა ფორმით მისცემენ გამოძიებას ჩვენებას სმიტების ოჯახის წევრები.

“უნდა გამოიკითხოს რაიან სმიტის ძმა, მისი ოჯახის წევრები, ლორა სმიტის ოჯახის წევრები, თუ ვისთან ჰქონდათ ურთიერთობა ამ ადამიანებს, მათ შესაძლოა ჰყავდათ პირადი მტრები, რაც გამოძიებას უფრო დაეხმარება მნიშვნელოვან საკითხებს ნათელი მოჰფინოს”, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

ადვოკატის თქმით, კობაურის მიერ მიცემულ პირველი ჩვენება არ არის რელევანტური, მაგრამ გამოძიება მაინც ამ ჩვენების საფუძველზე გრძელდება.

 

მსგავსი თემები